დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კავკასიელ ხალხთან კავშირების შენარჩუნების, ურთიერთობების გაღრმავებასა და ზოგადი კავკასიური პოლიტიკის შემუშავების კონტექსტში, კავკასიოლოგიის კუთხით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვებული პროექტებისა და მათი მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
პროექტების და მათი მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია კომიტეტის წევრებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ მიაწოდა და ყურადღება კავკასიოლოგიის მიმართულების განვითარების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე გაამახვილა.
„რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც საგრანტო კონკურსების დაახლოებით 50% - ს აფინანსებს. მისი მთავარი მიმართულებაა ორი ძირითადი კონკურსი - ფუნდამენტური კვლევების და გამოყენებითი კვლევების კონკურსი. ახალი რეფორმის შედეგად, ჩვენ გადავწყვიტეთ, მიზნობრივი კონკურსების გამართვა, რომლითაც იმ პრობლემებზე რეაგირება მოხდებოდა, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგას. სწორედ ამ ფორმატში, ფონდის მიერ, ჩატარდა კონკურსი, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი კონკურსი, საზღვრისპირა და ასევე კავკასიოლოგიის მიმართულება“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
მისი თქმით, კონკურსში მონაწილე 9 საპროექტო განაცხადიდან, ორმა პროექტმა - „ქართული სულიერი და მატერიალური კულტურა ჩრდილოეთ კავკასიაში - მონაცემთა ბაზა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე“ და „კავკასიის ხალხები, კულტურები, ენები. ავტოქტონი მოსახლეობა“ გაიმარჯვა.
აღნიშნული პროექტების მიზანია ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების სრულყოფილად აღწერა და კავკასიის ხალხების ინტერდისციპლინური შესწავლა.
სხდომაზე, გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ერთად, პროექტების განხორციელების გზებზე და სამომავლო მიზნებზე იმსჯელეს.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ პროექტების ავტორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მსგავსი საკითხის განხილვაში, პარლამენტის განათლების და მეცნიერების და კულტურის კომიტეტების, ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა.