საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ერევანში იმყოფება. ქართველი კანონმდებლები ევროპარლამენტარებთან ერთად სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. განიხილეს უსაფრთხოების საკითხები და ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას.
ევროპარლამენტარებმა ბიუროს სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც იმსჯელეს, განსაკუთრებული აქცენტი კი უკრაინაში არსებულ გამოწვევებზე გაკეთდა. სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი სპეციალური გაცხადებაც მიიღეს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროზე უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესები განიხილეს.
„ჩვენ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. ჩვენს პრიორიტეტებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებზე, რაც ჩვენი რეგიონის წინაშე დგა. ბიუროს ფარგლებში უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესები განვიხილეთ. კომიტეტების ფარგლებში ჩვენ მიმოვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას ევრონესტის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, იქნება ეს ეკონომიკური მიმართულება, სოციალური და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ვიმსჯელებთ და რაც მთავარია, პოლიტიკური რეფორმებისა და პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებზე ევროპარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რის საფუძველზეც მოვამზადებთ რეზოლუციებს, რომლებიც მიღებული იქნება საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.