„ვფიქრობ, ნამდვილად დადგა ის მომენტი, როდესაც გაცილებით ეფექტური და ქმედუნარიანი უნდა იყოს დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, გიორგი ანთიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა არა მარტო უკრაინასთან, არამედ საქართველოსთან მიმართებაშიც.
„ვლადიმერ პუტინის გამოსვლა შეიძლება სამ ძირითად ნაწილად დავყოთ. პირველი ნაწილი გამოიყენა ჩვენი საერთო ისტორიის კრემლისეული ვერსიის გასაჟღერებლად. მოვისმინეთ თეზისები რუსეთის იმპერიის ისტორიიდან. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხებოდა ასე ვთქვათ, იმ ძირითად თემებს, რომლებიც შესაძლოა, აღვიქვათ როგორც ე.წ. თავის გამართლების მცდელობა იმ ნაბიჯებისა, რომელიც კრემლმა უკვე გადადგა და რომლებსაც მომავალში გადადგამს. ეს ნაწილი დასავლეთის მიერ სხვადასხვა პერიოდში გადადგმული ნაბიჯების შეფასებას ეხებოდა. საუბარი იყო იმაზე თუ როგორი და რა ტიპის საფრთხე მოდის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ. რა დიდი საფრთხე შეიძლება მოუტანოს კრემლსა და მოსკოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანებამ. მესამე ნაწილში მოვისმინეთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ რუსეთის ცდილობს, მის ირგვლივ შემოიკრიბოს ე.წ. ისტორიული რუსული მიწები და ეს გეოპოლიტიკური ხედვა რუსეთის გარშემო სივრცისა, ძალაშია. კიევი საკმაოდ რთულ ვითარებაში ვარდება იქიდან გამომდინარე. ამ რესპუბლიკების ტერიტორიების გარკვეულ ნაწილს აკონტროლებს უკრაინა და ეს რეალურად შეიძლება იყოს სამხედრო ესკალაციაში ჩათრევის მცდელობა. მეორე მხრივ, თუ პასიურობას გამოიჩენს და მაქსიმალურად შეეცდება, დონეცკის მიმართულებაზე არ აჰყვეს პროვოკაციებს, ეს შეიძლება კიევში გახდეს პოლიტიკური კრიზისის საბაბი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის იმის საშუალება, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას კოლექტიურად დასავლეთმა არა მარტო უკრაინასთან, არამედ საქართველოსთან მიმართებით, რადგან თითოეული პასიურობის დღე დასავლეთის მხრიდან, პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ერთადერთი, რამაც შეიძლება რუსეთი შეაკავოს, ეს იქნება მაქსიმალურად ქმედითი, ერთიანი და კონკრეტული ნაბიჯები კოლექტიური დასავლეთის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი ანთიძემ.