ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ჩაბარება 2021 წლის თებერვალში კრიზისულ მომენტში მოუწია. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა: რა შეიცვალა ირაკლი ღარიბაშვილის ერთი წლის პრემიერობის შემდეგ ქვეყანაში, რა ინიციატივები განხორციელდა და როგორ გაუმკლავდა მწვავე ეკონომიკურ კრიზისსა და პანდემიას - ამ თემებზე ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ „ახალ თაობასთან“ ისაუბრა.
- როგორც ჩვენთვის ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მოუწია, როგორ ფიქრობთ, პრემიერმა საქართველოში შეინარჩუნა პოლიტიკური სტაბილურობა და გაუმკლავდა იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანაში არსებობდა?
- ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრად დაბრუნება მოუწია იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ჰქონდა ძალიან ბევრი, როგორც შიდა ისე გარე გამოწვევა, გულისხმობ შიდა პოლიტიკურ ტურბულენტურ გარემოს და, ასევე, იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობდა, როგორც რეგიონში, ასევე, რუსეთთან მიმართებით.
მისი პრემიერობის დროს საქართველოში შენარჩუნდა პოლიტიკური სტაბილურობა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, როგორც შიდა, ისე გარე ძალების მიერ, რომ ეს სტაბილურობა დაერღვიათ, დაემხოთ ხელისუფლება და ქვეყანაში გამოეწვია ანტიკონსტიტუციური პროცესები. იყო რეალური შანსი იმისა, რომ ქვეყანა წასულიყო დესტაბილიზაციის გზით - ეს არ იქნა დაშვებული. ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და იყო მცდელობა მომხდარიყო რევოლუციის გზით ხელისუფლების დამხობა და ესეც აღკვეთილი იქნა.
ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სახელისუფლებო სტრუქტურები, ძალიან კოორდინირებულად მოქმედებდნენ იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა აღეკვეთათ.
- როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებებს ეკონომიკის აღდგენის კუთხით, რაც განსაკუთრებით რთული იყო პანდემიის ფონზე?
- მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ფონზე ჩვენ გვქონდა ეკონომიკის ვარდნა და შემცირდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ამ ერთწლიან პერიოდში მოხერხდა უარყოფითი ტენდენციის გარდატეხა, უკუქცევა და ჩვენმა ეკონომიკამ დაიწყო ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდა, ეს დასტურდება ყველა ეკონომიკური პარამეტრით და სტატისტიკური მონაცემებით.
ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს. მათ შორის, მათ ვინც ამის გამო სამსახური დაკარგეს. შეძლებისდაგვარად, რა საშუალებასაც იძლეოდა ჩვენი ბიუჯეტი მოსახლეობას დახმარება გაუწიეს და შეუმსუბუქდათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური დარტყმა, რაც პანდემიის დროს მიიღეს. პრემიერი ინიციატივით უკვე დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის რომ ეკონომიკური ზრდა, რაც ჩვენ მივიღეთ შენარჩუნებულიყო. მოქმედებაში იქნა ჩაშვებული ახალი სახელმწიფო პროგრამები, იგივე განახლებული რეგიონების პირველი ფაზა დაიწყო, ასევე, დაიწყო ინვესტორის მოძიება ანაკლიის პორტისთვის და ა.შ.
- რას იტყვით ირაკლი ღარიბაშვილის როლზე საერთაშორისო ასპარეზზე?
- მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებზე, ღარიბაშვილი იყო სხვათა შორის, პირველი პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში, რომელიც არ ერიდებოდა დასავლელი პარტნიორების წინაშე საქართველოს პოზიციის დაფიქსირებას ამა თუ იმ საკითხზე, რაც იწვევდა ჩვენსა და დასავლელ პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობას.
პრემიერი წითელ ხაზს ავლებდა იქ, სადაც იწყებოდა ქვეყნის სუვერენიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები, რომელზედაც აქტიურად აპელირებდა ოპოზიცია, ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან არა თუ არ გაუარესდა, რისი იმედიც ჰქონდათ პოლიტიკურ ოპონენტებს, საქართველო არა თუ გაქრა ევროპული რადარებიდან, პირიქით, ჩვენი საერთაშორისო კავშირები კიდევ უფრო გამყარდა. ყველა დონეზე საქართველო აღიარებულია, როგორც დასავლეთის ღირებული და მნიშვნელოვანი პარტნიორი. არცერთი მნიშვნელოვანი სამხედრო პოლიტიკური თანმშრომლობის პროგრამა არ შეჩერებულა. ის რომ ღარიბაშვილი მიწვეულ იქნა ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორმატზე და ის იმყოფება მიუნხენში, ესეც არის გარკვეულწილად აღიარება, რომ ჩვენს მთავრობასთან დასავლეთს სურს, იქონიოს მზარდი და ფართო თანამშრომლობა.
- რამდენად მნიშვნელოვანი იყო მედიაციის აქტი, რომელიც პრემიერმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეასრულა?
- ეს მედიაცია მნიშვნელოვანი იყო, უამრავი ადამიანის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. მედიაციის პროცესში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი პრემიერის და მისი მთავრობის ძალისხმევით მოხდა. საქართველომ საკუთარი თავი დაიმკვიდრა და პირველი ნაბიჯები გადადგა კავკასიის რეგიონში მედიატორის ფუნქციის შეძენისკენ.
- გასულ წელს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები დააანონსა, რაც გულისხმობს ონლაინ თამაშების აკრძალვას, წამლებზე ფასების კლებასა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებას. როგორ ფიქრობთ, როგორ მიიღო აღნიშნული ინიციატივები მოსახლეობამ?
- ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმა პრემიერის ინიციატივას, რაც გულისხმობდა ონლაინ კაზინოს აკრძალვას. ის რომ პრემიერ-მინისტრის უშუალო ინიციატივით მოხდა წამლის ბაზრის დარეგულირება და ფარმაცევტულ ბაზარზე ხელოვნური მონოპოლიებისთვის არეალის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ესეც არის იმის გამოხატულება, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ატარებს სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკას.
ღარიბაშვილის მთავრობამ აირჩია ის მიმართულებები, რომ მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა აქცენტი გაკეთდა მოქალაქეების სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. თურქეთიდან წამლების შემოსვლა მნიშვნელოვნად გააიაფებს წამლებზე ფასებს, რაც პრობლემა იყო მოსახლეობის უმეტესობისთვის.
- და ბოლოს, როგორ შეაფასებთ პრემიერის როლს პანდემიის მართვაში?
- მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის ტემპები არ არის მაღალი, ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს. ჩვენთან ძლიერია ანტივაქსერული მოძრაობა, რითაც არის გამოწვეული ვაქცინის დაბალი მაჩვენებელი. ის რომ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება აქვთ რამდენიმე ტიპის ვაქცინით აიცრან ან მიიღონ ბუსტერ-დოზა, სწორედ ამჟამინდელი მთავრობის ძალისხმევის შედეგად მოხდა. ხელისუფლებამ მისი შეზღუდული შესაძლებლობის პირობებში მაინც მოახერხა პანდემიური სიტუაციის ჩარჩოებში მოქცევა და არ მისცა მას კიდევ უფრო გაფართოების საშუალება.