„ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საზღვრებს გაუხსნიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილ მოგზაურებს“, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
ევროკავშირმა ამ დრომდე ავტორიზაცია შემდეგ ვაქცინებს მიანიჭა: Pfizer-BionTech-ი, Moderna, AstraZeneca, Johnson & Johnson-ი და Novavax-ი.
აქამდე, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა არ უშვებდა მესამე ქვეყნების მოგზაურებს, თუ ისინი აცრილნი არ იყვნენ ევროკავშირში დამტკიცებელი ვაქცინებით.
„წევრმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ დროებითი შეზღუდვა ევროკავშირში არაარსებითი მოგზაურობის შესახებ იმ პირებისთვის, რომლებიც ვაქცინირებულნი არიან ევროკავშირის ან ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით“, - ნათქვამია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მიერ მიღებულ რეკომენდაციაში, რომელიც 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.
შეზღუდვები იმ მოგზაურებისთვის მოიხსნება, რომლებმაც პირველადი ვაქცინაციის ციკლის ბოლო დოზა ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლამდე, სულ მცირე, 14 და არა უმეტეს 270 დღით ადრე მიიღეს.
ევროკავშირის ქვეყნებს ასევე შეუძლიათ მოითხოვონ უარყოფითი PCR-ტესტის წარდგენა (გამგზავრებამდე 72 საათით ადრე გაკეთებული) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით აცრილი პირებისთვის. ასევე შეიძლება გამოიყენონ დამატებითი ზომები, როგორიცაა კარანტინი ან იზოლაცია.