„რუსეთი იძულებულია, ტაქტიკა შეცვალოს, თუმცა ჩვენ ჩვენი ტერიტორიის არცერთ სანტიმეტრს არ დავთმობთ“,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანნა მალიარმა განაცხადა.
„მთელი ამ დროის, რუსეთ-უკრაინის 8-წლიანი ომის პერიოდში რუსეთი გვაიძულებდა, მათ პირობებს დავთანხმებოდით, თუმცა ამას არაფერი მოჰყვა, რადგან უკრაინას გამყიდველები არ ჰყავს. ამიტომ რუსეთი იძულებულია, ტაქტიკა შეცვალოს, თუმცა ჩვენ ჩვენი ტერიტორიის არცერთ სანტიმეტრს არ დავთმობთ და ვიბრძოლებთ. პუტინმა საომარი მოქმედებები 2014 წელს დაიწყო და უკრაინაშიც მაშინ შემოიჭრა, ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ რუსული აგრესიის გაგრძელებაზე, რომელიც 8 წელია მიმდინარეობს. დღეს დონბასში ვითარება ნამდვილად დაძაბულია - რუსეთი არ იცავს მინსკის შეთანხმებას, სროლა გრძელდება, იღუპებიან ჩვენი სამხედროები. რუსეთის მხრიდან ეს არის ბრძოლა წესების გარეშე“, - განაცხადა ჰანნა მალიარმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. აღიარებიდან რამდენიმე საათში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონბასისკენ რუსული სამხედრო ტექნიკა უკვე დაიძრა.
„არავის და არაფრის გვეშინია, არავის არაფერს მივცემთ - ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
კიევი ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს.