„იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი დაპირება შეასრულა, ჩვენ უკვე გამოვეცით ჟურნალ „იუსტიციის“ პირველი ნომერი. ჟურნალი იქნება ხიდი მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის, მისცემს ბევრ ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლებლობას, თავისი ნააზრევი გააცნოს ფართო საზოგადოებას“, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალ „იუსტიციის“ პირველი ნომრის გამოსვლა.
იუსტიციის სამინისტროს ორენოვანი, ქართულ-ინგლისური ჟურნალი „იუსტიცია“ (ლათ. IUSTITIA) გასული წლის ივნისში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაარსდა. ის ყოველკვარტალური, საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. მისი პირველი ნომრის პრეზენტაცია დღეს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.
გამოცემა სამართლის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს. ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება ცნობილი გერმანელი სამართლის ფილოსოფოს ვილჰელმ ზაუერის თხზულება „სამართლიანობა“, რომელიც სპეციალურად „იუსტიციისათვის“ ითარგმნა. საზოგადოების ფართო წრისათვის ნაკლებად არის ცნობილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის სენატის ხელმძღვანელ დავით ხელთუფლიშვილის ბიოგრაფიაც, მის დღემდე უცნობ ფოტოს კი, მკითხველი პირველად ამ ჟურნალის ფურცლებზე იხილავს.
სტატიები მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩევა და ეხება როგორც თანამედროვე სამართლის აქტუალურ საკითხებს, ისე სამართლის კლასიკური მემკვიდრეობის ძეგლებსა და კონსტიტუციონალიზმის მიღწევებს, პუბლიკაციები ხელს უწყობს სამართლის ცალკეული დარგის განვითარებასა და იურიდიულ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებას.