„რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადება, წარმოადგენს 2008 წელს საქართველოში დაწყებული, საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკის გაგრძელებას“,- ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ განცხადება გაავრცელა.
„2008 წელს რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, როდესაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მათი ე.წ. აღიარება. ამან მძიმე შედეგი მოუტანა, როგორც ევროპულ უსაფრთხოებას, ასევე ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადება, წარმოადგენს 2008 წელს საქართველოში დაწყებული, საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკის გაგრძელებას.
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების იძულებითი ცვლილების მიუღებელ მცდელობაზე“, - აღნიშნულია რულსან აბაშიძის განცხადებაში.