logo_geo
eng_logo
ნათია ნოდია: ჩვენი თაობა, ანუ, მიყვარხართ, 90-იანებგამოვლილებო....
- +

ავტორი ნათია ნოდია

23 თებერვალი. 2022. 13:38

 

 

ჩვენ არც ინდიგოები ვართ, არც ომის გმირების თაობა.

 

ვინ ვართ ჩვენ, 70-იან, 80-იან წლებში დაბადებულები?

 

ჩვენ მოვესწარით სსსრ-ს, ვიცხოვრეთ და ყველაზე მეტად განვიცადეთ, რას ნიშნავს 2 საუკუნის მიჯნაზე არსებობა. მივედით ყელსახვევების დახევიდან უკეთეს შემთხვევაში, სტერეოტიპების მსხვრევისკენ, უარესში- კონფორმიზმის შესისხლხორცებამდე. რა მივიღეთ დღეს ჩვენი არცთუ უასაკო პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ჩვენივე ღვაწლით, შრომით, ან სულაც იქნებ, მეტი შეგვეძლო, ან არ შეგვეძლო....

 

ჩვენ, არეული: ქარიშხალსა და ცისარტყელის ფერების მოლოდინში გამოწვრთნილი ხალხი ვართ.

 

ახლა ვუყურებ ჩემს კურსელებს მაია ასათიანს, ნათია გოქსაძეს, კიდევ მრავალ სახეს ვაკვირდები და გოგო-ბიჭები აღარ გვეთქმის. ჩვენთან ერთად დადგა გზაზე პოსტსაბჭოთა საქართველო და აგერ აქამდე მოდის და მოდის....

 

იოლი არ არის, აპრიორი თქვა, ჩვენ ეს გავაკეთეთ ან ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია...

 

ჩვენ დავუპირისპირდით მამებს ისევ საკუთარი შვილების საკეთილდღეოდ. ამოვიღეთ ხმა, იმ წუმპეში წოლის წინააღმდეგ, სადაც წლებია საღათას ძილით დაგვაძინა „დიდებულმა ძერჟავამ“.

 

ჩვენ პირველმა გავიგეთ და გავიაზრეთ სიტყვები: უდანაშაულობის პრეზუმფცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ა.შ. და ა.შ. მივუსხედით თანამედროვე კომუნიკაციებს ჯერ კიდევ გუშინ, „წითელი კერასინთან“ აბუზული პატარა გოგო-ბიჭები.

 

ჩვენ მოვკალით გიორგი სანაია და მოვკალით გურამ შარაძე. ახლა მე მათ შორის პარალელებს არ გავავლებთ, არც მაქვს უფლება. მოვკალით იმიტომ, რომ ჩვენ მიგვიშვეს ღუმელთან, როგორც ჩვენი მამები იტყოდნენ. ამ წიაღში იშვა რამდენიმე სახე როგორც მედიაში, ასევე პოლიტიკაში, რადგან ოთხივე ხელისუფლება ერთმანეთის შეხიდებით ყალიბდება და ეს უკვე ფაქტია.

 

ჩვენ, ჯერ კიდევ ბავშვებს, გვკრეს ხელი, წამოგვყარეს თბილი საგებებლიდან და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ზრუნვა შეგვაჩეჩეს. არა, არავის უთქვამს, რომ ილიას, ვაჟას, აკაკის, მარო მაყაშვილის, ელენე დარიანის ოდენი გვევალებოდა ერის და ბერის წინაშე. თუმცა, ამას თქმა არ სჭირდებოდა, რადგან ბედი კვალში აგვდევნებოდა. გვინდოდა თუ არა, შეგვეძლო თუ არა, ჩვენთან ერთად, ფეხდაფეხ მოდიოდა, იზრდებოდა და მოგვყვებოდა ჩვენი პოსტსაბჭოთა საქართველო, დიახ, ჩვენი სამშობლო, რისი მეტიც, მურმან ლებანიძეს დავესესხები, არავინ და არაფერი გაგვაჩნია. სიმბოლურია თუ უბრალოდ, დამთხვევა, ჩვენ ვიყავით მისიის შემსრულებელნი, ან ვინ იცის, რა დასკვნას დადებს ისტორია, იქნებ, ვერც შემსრულებელნი, კიანუ რივზის პერონაჟივით, მე-5 ელემენტის ლილუს მსგავსადაც, რომელსაც სამყაროს გადარჩენის მისია აქვს და ერთ მომენტში, სიკვდილთან ისე ახლოსაა, რომ უიმედობა გაკანკალებს. ბევრ ჩვენს ვიტყვი, რადგან ერთ კონკრეტულ თაობაზე ვწერ, რომელსაც თავად ვეკუთვნი. ზოგი ინერციით აღმოვჩნდით საჭირო დროს საჭირო ადგილზე, ზოგიერთს ნერვებმა უმტყუნა, ნარკოტიკს გადაჰყვა, ეს დიდი ტკივილია და ხშირადაც აღვნიშნავ. ზოგს უბრალოდ, ან უფულობის ან უუნარობის გამო, გვერდზე ჩაურა ამ ვიღაცისთვის აუტანელმა, ჩვენთვის კი, საუკეთესო წლებმა. ასე შეგვაგდეს პირდაპირ ძლიერი დინების ქვეშ და ვისაც ჰქონდა უნარი ან თვითგადარჩენის ინსტინქტი, გზა გაიკვლია, მიაღწია ნაპირამდე და დღეს ამბობს, მე მახსოვს მერაბ კოსტავას ხალასი სიტყვები და შემართება. მე მოვესწარი სსსრ-ს ნგრევას, მე გადმოვლახე წინა საუკუნის რუტინა და ავითვისე თანამედროვეობა მთელი თავისი ტექნოლოგიებითა და მიღწევებით. თერგივით მოუსვენარი ცხოვრება მომიწია და დღეს მე მახსოვს, როგორ ყალიბდებოდა ჩემი პატარა ქვეყანა დამოუკიდებლად, რამდენი რამ გამოვიარეთ ერთად....

 

სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე, ალბათ, მეტი შემეძლო. სულ რამდენიმე წლის წინ, როცა ეკონომიურ კრიზისში ვიყავი, ადგა ერთ-ერთი ჩემი ექს-კოლეგა და თქვა, რა ვქნათ ახლა, სახლი ვუყიდოთ ერმა? სიტყვასიტყვით მახსოვს, რადგან მეწყინა და ახლა ვხვდები, რომ მართალი იყო. მიუხედავად იმისა, წლები პრესაში ვმუშაობდი, ცნობადობაც არ მაკლდა, საზღვარგარეთ იმ კონკრეტულ რედაქციებსაც ხშირად წარმოვადგენდი, ბავშვებიც მყავდა და მართლაც მიჭირდა, პრემიერიც კი შეწუხდა მაშინ ჩემი მდგომარეობით და რაც შეეძლო, უკან არ დაუხევია.... მაგრამ სახლის ჩუქება არ მეკუთვნოდა. არ მეკუთვნოდა, რადგან მე ჩემი მაქსიმუმი არასოდეს გამიკეთებია. აღარ დავკონკრეტდები მეტად, არ შეგაწყენთ თავს.

 

ჰოდა, თემიდან აღარ გადავუხვევ, უფრო გლობალურად რომ ვთქვა, ჩვენ შევამზადეთ და პირდაპირი გაგებითაც ვშვით ინდიგოების თაობა, რომლებიც მომავალში თავის სიტყვას იტყვიან. დავიპირისპირეთ ჩვენივე ფესვები - მამების თაობა ე.ი. მისია ვის ჰქონია, თუ არა ჩვენ?

 

ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, მიყვარხართ 90-იანებგამოვლილებო, რადგან ჩვენ ვიცით ერთმანეთი.

 

P.S. ამას წინათ, ელენე მეკითხება, თქვენ დროს უთო არ იყოო? აბა, რატომ გვეუბნები ხუმრობით, შენ მოიგე უთოო. ჩვენ დროს უთოსაც ჩუქნიდნენ „დიდი ჯილდოს" ფასად, ოღონდ ასევე ჩვენ დროს, თანამედროვე ტექნიკასა და კომუნიკაციებსაც მოვესწარით და ერთ-ერთმა პირველებმაც ავითვისეთ.

 

იმედია, ისტორია დაკარგულ თაობად არ შეგვაფასებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner