საქართველოს მთავრობამ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სრულფასოვნად ასამოქმედებლად ახალი თარიღი დაასახელა. დღით ადრე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ორგანიზებული (საათური) ბაზრების ოპერირება 2022 წლის 1-ლი მარტის ნაცვლად 2022 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ახალ მოდელზე გადასვლის მზაობის შესაფასებლად სემეკმა 2021 წლის დეკემბერში საჯარო სხდომებზე მოისმინა ბაზრის ყველა დაინტერესებული მხარის (საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, ესკო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა) მიერ შესრულებული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში.
მინისტრის მოადგილის თქმით, ანგარიში მოიცავდა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ახალ მოდელზე გადასასვლელად აუცილებელ ტექნიკურ, ფინანსურ და ორგანიზაციულ, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებს.
„ანგარიშების შესაბამისად, გამოიკვეთა, რომ ბაზრის გახსნისთვის საჭირო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. თუმცა, გამოვლინდა ღონისძებების გარკვეული ნაწილი, რომლებზე მუშაობაც ამ დრომდე მიმდინარეობს. კერძოდ, არ არის დასრულებული საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება და გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა. აღნიშნული წარმოადგენს მიმდინარე პროცესს. ამასთან, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება მსხვილ მომხმარებლებში. აქედან გამომდინარე, საბითუმო ბაზარზე არ არის მოწესრიგებული საათობრივი აღრიცხვიანობა, რაც აუცილებელი პირობაა ბაზრის გამართულად ფუნქციონირებისათვის. აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ავტომატიზაცია და საბალანსო ბაზრის მართვის სისტემასთან ადაპტაცია ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ნებისმიერ ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის საათურ ჭრილში ფუნქციონირებისათვის. ბაზრის სრულყოფილად ამოქმედებისათვის მნიშვნელოვანია ამ ხარვეზების სრულად აღმოფხვრა“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
დამატებითი კონსულტაციები ბიზნესთან - ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების მიმართ ბიზნესის წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა უკვე გამოხატა თავისი ფრთხილი პოზიცია. მათ უკვე მიმართეს პროფილურ სახელმწიფო უწყებებს, რომლის შედეგადაც გაიმართა კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი. აღნიშნულ შეხვედრებზე გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხებისა, რომელთა მიმართაც მომზადდა საკანონმდებლო აქტების პროექტები და ისინი უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში განსახილველად;
ტესტირების გაგრძელება - ელექტროენერგიის ბაზრის ასეთი მასშტაბური რეფორმისთვის, რომელიც უკავშირდება საათურ ვაჭრობასა და თვითდისპეტჩირების მოდელზე გადასვლას, უაღრესად მნიშვნელოვანია სიმულაციურ რეჟიმში ორგანიზებული ბაზრების პლატფორმების სატესტო გაშვება, გამოცდა და დახვეწა.
საათობრივი აღრიცხვიანობის მოწესრიგება - რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია საათობრივი აღრიცხვიანობის მოწესრიგება და ამასთან ერთად, პროფილირების ავტომატური სისტემების დანერგვა.
რომეო მიქაუტაძის თქმით, დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ორგანიზებული (საათური) ბაზრების ოპერირების დაწყების რამდენიმე თვით გადავადება და ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარე ღონისძიებების დასრულება მინიმუმამდე დაიყვანს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს დგას რეფორმის განხორციელების პროცესში.