logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სენაკში გახარიას პარტიისა და „ნაციონალების“ მონაწილეობით მორიგი შოუ ვიხილეთ - დარწმუნებული ვართ, სასამართლო მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას
- +

23 თებერვალი. 2022. 19:52

 

 

„დღეს, სენაკში, გახარიას პარტიისა და „ნაციონალების“ მონაწილეობით, მორიგი შოუ ვიხილეთ - კიდევ ერთხელ დასტურდება ის, თუ რატომ გადადგა თავის დროზე გიორგი გახარია რიგითი მელიას გადასარჩენად“,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც სენაკში პარტია „საქართველოსთვის“წევრის სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას გამოეხმაურა.

 

სუბარის თქმით, გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სენაკის საკრებულოში არალეგიტიმურად აირჩიეს საკრებულოს მე-17 წევრი, შესაბამისად, მათ მიერ დღეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაც არალეგიტიმურად მოხდა.

 

სუბარი დარწმუნებულია, რომ სასამართლო, მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და საკრებულოს მე-17 წევრის უფლებამოსილების ცნობის გადაწყვეტილებას, გააუქმებს.

 

„ჯერ ჩაატარეს წინა კვირაში სხდომა, სადაც აბსოლუტურად არალეგიტიმურად მისცეს უფლებამოსილება საკრებულოს მე- 17 წევრს და დღეს ამ არაუფლებამოსილი წევრის მეშვეობით, ვითომ უმრავლესობა შეკრეს და 17 კაცით აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე, რაც არის აბსოლუტურად აბსურდი, რადგან უფლებამოსილი არ იყო საკრებულო აერჩია არც თავმჯდომარე და საერთოდ რაიმე გადაწყვეტილება მიეღო. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში და დარწმუნებული ვართ, სასამართლო მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, ეს იქნება გაუქმება იმ გადაწყვეტილების, რომლითაც მე-17 წევრს უკანონოდ მისცეს უფლებამოსილება. საკრებულოში სულ 33 წევრია და მის ნახევარს აქვს მხოლოდ უფლება რომ ჩაატაროს სხდომა, 16-მა წევრმა, რაც არის ნახევარზე ნაკლები, სხდომა ჩაატარა ისე, რომ მე-17 წევრს მისცეს მანდატი და ამ მე-17 წევრიანად შეკრეს ვითომ უმრავლესობა, რაც სრული აბსურდია. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთში შეხმატკბილებულად მოქმედებენ ყველგან, სადაც კი ამის შანსი მიეცემათ. დღესაც საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს გახარიას პარტიის წევრი და მას ხმა მისცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კიდევ ერთხელ დასტურდება ის, თუ რატომ გადადგა თავის დროზე გიორგი გახარია რიგითი მელიას გადასარჩენად“, - განაცხადა სუბარმა.

 

კითხვაზე, რატომ არ დადიან სენაკის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები სხდომებზე და ხომ არ ცდილობენ, საბოტაჟის გზით ადგილზე ვადამდელი არჩევნების გამოწვევას, სუბარი პასუხობს, რომ თუ ვადამდელი არჩევნები იქნება, გამოჩნდება, ვის რა წონა აქვს რეალურად სენაკში.

 

„სენაკში ჩვენმა დეპუტაციამ აირჩია პოლიტიკური ბრძოლის სწორედ ეს მეთოდი - ისინი ამ ეტაპზე არ დადიან საკრებულოში“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner