უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების აღიარებისა და რეგიონში ჯარების გაგზავნის საპასუხოდ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღო.
„რუსეთის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილებები უკანონო და მიუღებელია. ეს არღვევს საერთაშორისო სამართალს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და კიდევ უფრო ამწვავებს კრიზისს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
22 თებერვალს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანა. შავ სიაში ასევე შეიყვანეს 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის ბანკები და ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირის ფინანსური ბაზრისკენ რუსეთის წვდომის შეზღუდვის შესახებ.
შემაკავებელი ზომები მოიცავს აქტივების გაყინვასა და ჩამოთვლილი ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის სახსრების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების აღიარება. ევროკავშირი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად მიიღოს უფრო ფართო პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები.