„ჩვენ ამ ადამიანებს მივაჩვიეთ სიზარმაცე, პირდაპირ ვეუბნებოდით, რომ არ გაბედო მუშაობის დაწყება! თუ იყიდი ტელევიზორს, მაცივარს, მოგიხსნი დახმარებას. ეს ხომ კატასტროფაა, ეს არის საშინელი სისტემა. ახლა ვეუბნებით პირიქით, მეტი ფული იშოვეთ, მიეჩვიეთ მეტი ფულის შოვნას, მეტი კეთილდღეობა შეიტანეთ ოჯახში, იყიდეთ ტელევიზორი, მაცივარი, გააუმჯობესე გარემო, ყველაფერი, ჩვენ არ შეგამოწმებთ 4 წელი და არ მოგიხსნით დახმარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ პროგრამისთვის წელს 100-დან 150-მლნ ლარამდეა გამოყოფილი.
„ჩვენ ჯამში, წელს მაგალითად გამოყოფილი გვაქვს 100-დან 150-მლნ ლარამდე. ღმერთმა ქნას, ჩემი დიდი სურვილია, რომ წელს უკვე 100 000 ადამიანი იქნას ჩართული, საოცრება იქნება ეს თუ მოხდება და ამ სამ წელიწადში 200 000 ადამიანი რომ დავასაქმოთ და გავშალოთ ყველგან. აი, მაგალითისთვის გეტყვით, რომ როცა მოძრაობთ, რეგიონებში რომ დადიხართ ამდენი ნანგრევით არის სავსე მიტოვებული შენობები. ბევრი შეიძლება საზოგადოებრივი იყოს, ბევრი შეიძლება კერძო იყოს, არის გაჩეხილი ტყეები და უამრავი სხვა სამუშაო, რომელიც გასაკეთებელი გვაქვს. მოსავლელია ქვეყანა, დასალაგებელია ქვეყანა. აი, ამ პროცესში მინდა, რომ ჩავრთო ეს ადამიანები, ეს უზარმაზარი ჯარი მინდა ჩაერთოს და მათ მეტი ფულიც იშოვონ, მეტი კეთილდღეობაც, დასაქმდნენ, მუშაობა ისწავლონ, უნარები გამოუმუშავდებათ, მერე შეიძლება წავიდნენ კერძო სექტორში, იქ გამოსცადონ საკუთარი უნარები და ასე ნელ-ნელა ეს მენტალიტეტი შევცვალოთ. ჩვენ რეალურად ამ ადამიანების ოჯახის მოწყობას შევცვლით“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, კონკრეტული პროექტები 3, 4 და 5 წლის ნაცვლად 1 წელიწადში განხორციელდება, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და ზრდის ამაჩქარებელი იქნება.
„მე როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი, მაშინ ძალიან მარტივად რომ შევაფასე რესურსები და იქ არსებული ბიუჯეტი ვთქვი, რომ ამ ბიუჯეტით და სახსრებით მე დამჭირდება 3-4 წელიწადი, რომ ის შედეგები მივიღო, რაც მინდოდა, რომ მიმეღო 1 წელში. შესაბამისად, დავისახე ძალიან მარტივი გეგმა და მაშინ ჩემს გუნდს დავავალე, რომ - გავაკეთოთ გეგმა 10-წლიანი განვითარების, ჯარისთვის. ყველა მიმართულებით - ინფრასტრუქტურა, შესყიდვები, განახლება, ავტომობილები და ა.შ. ვთქვით, რომ ჩვენ უნდა გვეთქვა კომპანიებისთვის, მომწოდებლებისთვის, რომ გვაქვს გარანტირებულად ეს X ბიუჯეტი 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ. ეს ბიუჯეტი თან ხომ იზრდება და ვეუბნებით, რომ მაქვს ეს მოცულობა ასაშენებელი, თუნდაც შესასყიდი მაქვს ამდენი ავტომობილი, ამდენი შეიარაღება, ამდენი ის, ამდენი ეს და დავიწყეთ განვადებით შეძენები. დავიწყეთ ყველა ბაზის რემონტი, ერთ წელს 250 შენობა გავარემონტეთ, ყველა ბაზა ერთ სტანდარტში მოვიყვანეთ, 500-ზე მეტი ავტოსაშუალება შევიძნეთ და ა.შ. იგივე პრინციპი გადმოვიტანე უკვე აქ, ქვეყნის მასშტაბით და რას ვგულისხმობ - აი, დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი ნახევარი მლნ კვადრატული მეტრი უახლოეს 3-5 წელიწადში. მე ვუთხარი შესაბამის უწყებას, რომ მოელაპარაკეთ მშენებელ კომპანიებს, უთხარით, რომ გაქვს გარანტირებული შესყიდვა, მათ აქვთ გარანტირებული მოცულობა ასაშენებელი და გარანტირებული ბიუჯეტი. ოღონდ მათ ბანკების დახმარებით უნდა მოახდინონ ამ პროექტების თანადაფინანსება. რაც უნდა აგვეშენებინა 5 წელიწადში ავაშენოთ წელს, ეს გამოიწვევს მშენებლობის ბუმს, მეტი ადამიანი დასაქმდება. ახლა მეორე - 8 00 სკოლა გვაქვს გასარემონტებელი, მოსაყვანი ევროპულ სტანდარტზე, ამისთვის მჭირდება დაახლოებით 5 00 მლნ და რომ ველოდო დაახლოებით 5 წელიწადი მჭირდება. ამიტომ ვეუბნები, გამიკეთე 1 წელიწადში, ანუ 5 წლის გასაკეთებელი შეგვიძლია, რომ 1 წელიწადში გავაკეთოთ, უხეშად რომ ვთქვათ. ამ პროცესებში მინდა, რომ პოლიციის ქალაქის მშენებლობა დავიწყო, იქ უამრავი შენობები გასაკეთებელია, ასაშენებელი. წყალმომარაგება - მაგალითად ირაკლი ქარსელაძეს აქვს გეგმა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში იყოს 24-საათიანი წყალმომარაგება, ამისთვის გვჭირდება 4 წელი, დაახლოებით. ახლა ჩვენ კომპანიებს ვეტყვით, რომ გვაქვს გარანტირებული შესყიდვა, ბიუჯეტი, ბანკებთან მე უკვე მქონდა კონსულტაციები, ჩვენს გუნდს და ისინი თავისუფლად გამოგვყვებიან.დაახლოებით მილიარდს მინიმუმ ჩავდებთ წელს ამ პროექტებში და ეს იქნება ეკონომიკური განვითარების და ზრდის ამაჩქარებელი“, - აღნიშნა პრემიერმა.