რიოს ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები „მარაკანას" მოედანზე საზეიმოდ გაიხსნა. ოლიმპიადაში სულ 207 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო.
ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 40 სპორტსმენით წარსდგება სპორტის 13 სახეობაში, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო ციფრია. ქართველი ოლიმპიელები სპორტის 13 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (4), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).
ქართველ ოლიმპიელთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონია (ნინო სალუქვაძე 1988, ლაშა შავდათუაშვილი 2012) 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი, 19 ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს 12 სპორტსმენს. მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე - მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე - ბატუტზე მხტომელი ლიუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა. ჩვენს დელეგაციაში ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობს დედა და შვილი.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება.
ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. რიო-დე-ჟანეიროში იმყოფება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.