„შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით. გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ,“ - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა twitter-ის გვერდზე განაცხადა.
მისი თქმით, ის უკვე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მასთან შემდგომი ნაბიჯები განიხილა.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა მომავალი ნაბიჯები განგვეხილა. პრეზიდენტმა პუტინმა სისხლისღვრისა და განადგურების გზა აირჩია ამ თავდასხმით უკრაინაზე. გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ,“ - წერს ბორის ჯონსონი.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.