logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: როცა კახეთი მყარად დგას ფეხზე, მაშინ საქართველო ყოველთვის წელში გამართულია
- +

6 აგვისტო. 2016. 10:57



„მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს ნათელ მომავალს, გაფერადებულ, აგუგუნებულ საქართველოს, დავდგეთ ერთ მუშტად შეკრულნი და უზრუნველვყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის მოსახლეობას, რომელსაც რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავადაც ამ კუთხის შვილია და რეგიონის კიდევ ერთი, უმანდატო მაჟორიტარი იქნება.


„მეამაყება, რომ ვარ კახელი, რომ ვარ ამ ამაყი, წელში მოუდრეკელი ხალხის წარმომადგენელი. დღეს უდიდესი პატივი მხვდა წილად - ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე ვიქნები მთელი საქართველოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, კახელების ინტერესების დამცველი, კიდევ ერთი უმანდატო მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, უკვე საქართველოს მთავრობიდან, მთელი საქართველოს, მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენი ინტერესების გამომხატველი", - მიმართა პრემიერმა კახეთის მოსახლეობას.


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ კახეთის სიძლიერე მთელი საქართველოს სიძლიერეა და როცა კახეთი მყარად დგას ფეხზე, მაშინ საქართველო ყოველთვის წელში გამართულია.


პრემიერმა 2012 წელი გაიხსენა, როდესაც კახეთში ქუდზე კაცი გამოვიდა და მხარი დაუჭირა ,,ქართულ ოცნებას".

 

"მაშინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ჩვენ, ყველამ ერთად, მოვიგეთ მნიშვნელოვანი ბრძოლა, და ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის! ამ 4 წელიწადში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ყველამ იცით, რა დაგვხვდა ხელისუფლებაში როცა მოვედით - დაშინებული საზოგადოება, ხელისუფლებისგან მიტოვებული, უექიმოდ და უწამლოდ დარჩენილი ადამიანები, მძიმე მდგომარეობაში მყოფი გლეხი და აღარ გავაგრძელებ იმ ყველაფრის ჩამოთვლას, რაც ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ. დღეს ჩვენი ხალხი თავისუფალია, ყველას შეუძლია, მოსთხოვოს მთავრობას კიდევ უფრო მეტი, დღეს აღარ არსებობს ხელისუფლების ძალმომრეობის შიში. ეს სულ ახლახან ხდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დავძლიეთ მძიმე წარსული და ვფიქრობთ მომავალზე, ქვეყნის შენებაზე. ჩვენ ხალხს მივეცით ყველაზე მთავარი, რაც სახელმწიფოსგან სჭირდება ადამიანს - ღირსეული მოპყრობა, დაფასება, ზრუნვა", - განაცხადა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი, თუმცა, ერთდროულად ყველა პრობლემა ვერ მოგვარდებოდა.


"თუმცა, დღეს სათქმელი და საამაყო ნამდვილად გვაქვს - ჩვენ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინეთ - არ მეგულება არც ერთი ოჯახი, რომელმაც თავის თავზე არ გამოსცადა, რას ნიშნავს, როდესაც მკურნალობა გჭირდება და იმაზე არ გაქვს საფიქრალი, საიდან მოიტანო მკურნალობისთვის საჭირო ფული; არ მახსენდება ხალხის სხვა ისეთი გვერდში დგომა, როგორიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაუწია კახელებს სტიქიის დროს და მთლიანად აუნაზღაურა სტიქიით გამოწვეული ზარალი; აღარაფერს ვიტყვი დამუშავებულ მიწებზე და გლეხობისთვის გაწეულ სხვა დახმარებაზე, რთველზე და მილიონობით შემოსავალზე, რომელიც კახეთმა მიიღო ბოლო სამი წლის განმავლობაში. ვაზი და ვენახი წმინდაა ქართველი კაცისთვის, და ჩვენ განსაკუთრებულად ვზრუნავთ სწორედ მევენახეობაზე. ეს არის ჩვენი ფესვები, ჩვენი სამშობლოს სიძლიერე, სიმბოლო და ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ, გავაგრძელოთ და შვილებს გადავცეთ მამა-პაპათა ტრადიციები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერის თქმით, მთავრობა იმაზეც ზრუნავს, რომ გლეხი მარტო მევენახე კი არ იყოს, არამედ ღვინის წარმოებაც შეეძლოს და შემოსავალიც შესაბამისი ჰქონდეს.


მთავრობამ, წელს, ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარი გაითვალისწინა, 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს წელს ყურძენს და მოსავალი არ დარჩება ჩაუბარებელი.


მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ეს განსაკუთრებული მიდგომა შედეგს გამოიღებს, ქართული ღვინო კუთვნილ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით და საქართველო ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ცნობილ ქვეყნებს.


"ჩვენი უნიკალური ისტორიული და კულტურული ძეგლები, კახეთის ულამაზესი ბუნება, რა თქმა უნდა, მთა-თუშეთი უამრავ სტუმარსა და ტურისტს იზიდავს, მათ შორის, ღვინის ტურიზმის მოყვარულებსაც და ჩვენ ეს სიმდიდრე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. დღეს ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად ავამოძრაოთ ჩვენი ეკონომიკა. ეს იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარების საფუძველი, ეს იქნება საფუძველი იმისთვის, რომ მივაღწიოთ ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. თქვენთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას! ჩვენ თქვენთან ერთად ავაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, სახელმწიფოს, სადაც ყველა თანასწორი იქნება კანონის წინაშე და ვერავინ გაბედავს დაუსჯელობის იმედით ბატონობას ადამიანებზე. 2012 წელს თქვენ "ქართული ოცნების" გვერდით იდექით და ჩვენ ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ! ამ არჩევნებშიც ჩვენ თქვენი გვერდში დგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ, "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და კახეთის რეგიონში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.


თელავისა და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" იქნება ირაკლი სესიაშვილი.


"ბატონი ირაკლი პირველივე დღიდან ჩვენი გუნდის წევრია. პარლამენტში ხელმძღვანელობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს. უწესიერესი კაცია, ასე რომ, თელაველებს და ყვარლელებს გეყოლებათ ძალიან გამოცდილი და საამაყო წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა პრემიერმა.


სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია ირაკლი შიოლაშვილი.


"ირაკლიც ჩვენი გუნდის წევრია. ის პროფესიით იურისტია და გახლავთ კახეთის გუბერნატორი. ზედმიწევნით იცის კახეთის პრობლემები. ირაკლი დედოფლისწყაროდან არის, დარწმუნებული ვარ, ძალას არ დაიშურებს სიღნაღელების და დედოფლისწყაროელებისთვის და ყველაფერს გააკეთებს პარლამენტში მათი ინტერესების დასაცავად", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას.


პრემიერის შეფასებით, "ქართულ ოცნებას" ახმეტაშიც გამორჩეული კანდიდატი - გელა სამხარაული ეყოლება.


"გელა უკვე გამოცდილი პარლამენტარია. წესიერი, პატრიოტი კაცია, რომელსაც უზომოდ უყვარს ჩვენი სამშობლო. დარწმუნებული ვარ, ახმეტელები მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას და ღირსეული წარმომადგენელი გეყოლებათ საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.


ლაგოდეხში ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი იქნება გურამ მაჭარაშვილი.


"ბატონი გურამი პროფესიით იურისტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი-წევრია, გახლავთ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში. მას ასევე, საბანკო სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ლაგოდეხელებს ღირსეული წარმომადგენელი გეყოლებათ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში", - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.


გურჯაანში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია დავით სონღულაშვილი.


"ბატონი დავითი პროფესიით ეკონომისტია. განათლება აქვს მიღებული მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში და ამასთან, გრენობლის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრია. მუშაობდა წამყვან პოზიციებზე როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. დავითი წარმატებული ახალგაზრდაა და გურჯაანელებო, სწორედ ის გააგონებს მთელს საქართველოს თქვენს ხმას პარლამენტიდან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


საგარეჯოში "ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება რომან მუჩიაშვილი.


"ბატონი რომანი ფინანსისტია, საკუთარი პროფესიით მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებით. საგარეჯო და საგარეჯოელებს დიდი გულშემატკივრით იამაყებენ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ბატონ რომანს აქვს ასევე მდიდარი გამოცდილება კერძო სექტორში და ის აუცილებლად გამოიყენებს ამ გამოცდილებას თითოეული საგარეჯოელის ინტერესების დასაცავად საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში", - განაცხადა პრემიერმა, კახელებს წარდგენილი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვებით, ქვეყანა გაძლიერდება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner