„მე მაინც იმედი მაქვს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ის ძირითადი ბირთვი, რომელმაც შეძლო თანამედროვე სტანდარტების დონეზე წვრთნა, სერიოზულ წინააღმდეგობას გაწევენ,“ - ამის შესახებ კიევიდან „ქრონიკაში“ ჩართვისას პოლკოვნიკმა, სამხედრო დიპლომატმა არჩილ ცინცაძემ განაცხადა.
იგი უკრაინის თავდაცვის მინისტრისა და პრემიერის მრჩეველი იყო 2014-19 წლებში. ცინცაძემ უკრაინაში ამჟამად არსებულ სიტუაციასა და შეიარაღებული ძალების მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინის პარლამენტმა მიიღო სამხედრო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილება. თავად ცინცაძე იმყოფებოდა „ევროპული სოლიდარობის პარტიის“ ოფისში, სადაც მისი თქმით, უკრაინის პარლამენტის დეპუტატებიც იყვნენ შეკრებილი.
„შემიძლია გითხრათ იმ პერიოდზე, როდესაც პირადად მქონდა ურთიერთობა თავდაცვის მინისტრთან და ვმონაწილეობდი უკრაინის შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესში. ეს იყო 2014-19 წლებში. სიმართლე გითხრათ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მე არ მქონია მჭიდრო ურთიერთობა სამხედრო წარმომადგენლებთან. თუმცა ის, რაც ამ პერიოდში ჩემი თვალით ვნახე, რაც ჩვენ შევძელით, გაგვეახლებინა, გადაგვეიარაღებინა და ასე შემდეგ, მიმაჩნია, რომ დღეისათვის უკრაინის შეიარაღებული ძალები, 2014 წელთან შედარებით, უმაღლეს დონეზე იმყოფება. აღჭურვილები არიან სათანადოდ, მეთაურობაც სათანადო ჰყავთ. ერთადერთი შეშფოთებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამ საკითხზე სათანადო ყურადღება მიქცეული არ ჰქონდა. ბოლომდე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ფართომასშტაბიანი დაპირისპირების შესახებ, კონფლიქტის გაგრძელებაზე არ იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება. როგორც ხდება - კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ის, რაც სამხედრო სტრატეგებმა და ანალიტიკოსებმა დავხატეთ გეგმები და ვცდილობდით, გაგვეგებინებინა აქაური სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში უშედეგო იყო. მე მაინც იმედი მაქვს, ის ძირითადი ბირთვი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში იყო და შეძლო თანამედროვე სტანდარტების დონეზე წვრთნა, ისინი სერიოზულ წინააღმდეგობას გაწევენ“, - განაცხადა სამხედრო დიპლომატმა არჩილ ცინცაძემ.