„დეპუტატები, რომლებიც კიევს დატოვებენ, მოღალატეები არიან“, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
„მე გთხოვთ - ყველანი კიევში ვრჩებით“, - განაცხადა რადას სპიკერმა.
„ყველა დეპუტატი კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ადგილას უნდა შეიკრიბოს, ვინც წავიდა - მოღალატეა. უკრაინის ყველა სტრუქტურა საგანგებო რეჟიმში მუშაობს“, - დაწერა სტეფანჩუკმა „ფეისბუქში“.
სტეფანჩუკმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ სახლში დარჩნენ და „თავის ახლობლებზე“ იზრუნონ.
„ახლა არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი ევროპის მომავალი წყდება. იმაზე, როგორ გასცემს მსოფლიო ამ აგრესიას პასუხს, დამოკიდებულია გლობალური უსაფრთხოება. რაც უფრო ძლიერი იქნება ცივილიზებული სამყაროს რეაქცია, მით უფრო მალე აღდგება მშვიდობა. აგრესორმა თავის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს“, - ამბობს რადას სპიკერი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ტელემიმართვაში განაცხადა.
„ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ“, - განაცხადა მან.