logo_geo
eng_logo
ზელენსკი რუს ხალხს: თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, რომელ მხარეს დადგებით
- +

24 თებერვალი. 2022. 14:13

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ბრიფინგზე რუს ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა მათი გადასაწყვეტია, ისტორიის რომელ მხარეს იდგებიან ისინი.

 

ზელენსკის თქმით, მტერს სამშობლოს მიწა-წყლის მიტაცების საშუალებას არ მისცემენ.

 

„უკრაინის მოსახლეობა ერთიანია და გაუმკლავდება გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაშია. ყველა ძალოვანი უწყება არის მზად და არ არის საჭირო პანიკის გაღვივება. აუცილებელია მოქალაქეები მიჰყვნენ ინფორმაციას, რომლებსაც ოფიციალური უწყებები გაავრცელებენ“.

 

პრეზიდენტი დონორებს სთხოვს, რომ სისხლი ჩააბარონ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ეს ფრონტის ხაზზე საჭირო იქნება.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ერთიანობა აჩვენონ. უკრაინის საბანკო სისტემა გამართულად მუშაობს და ეროვნულ ბანკს ყველანაირი ფინანსური რესურსი გააჩნია, რომ უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქეების ფინანსური საჭიროებები და აქ განგაშის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინის დამოუკიდებლობის მიტაცება მიმდინარეობს.

 

„ახლა მიმდინარეობს უკრაინის დამოუკიდებლობის მიტაცება, ახლა ოპონენტები არ არსებობენ, ჩვენ ახლა ყველა ერთიანი ვართ, მოქალაქეები ვართ... ჩვენ, მოქალაქეები უკრაინის ერთიანობას დავიცავთ. მინდა ვთქვა, რომ სანქციები, რომელიც დაწესებულია, მნიშვნელოვანია, თუმცა ველოდებით დამატებით გამოხმაურებას.

 

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი ტერიტორიების დაპყრობა მოახდინოს. რუსეთი და უკრაინა ისტორიის სხვადასხვა მხარეს დგანან, ძალიან ბევრი რამე დამოკიდებულია რუს ხალხზე. მინდა, რუსეთის მოქალაქეებს მივმართო. დღეს თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, თუ რომელ მხარეს დადგებით.

 

ისინი, ვინც ახლა რუსეთში არიან და ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ სინდისი, მათ უნდა გამოთქვან პროტესტი ამ ომის წინააღმდეგ. რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ სიმართლე უკრაინის შესახებ. ჩვენ საათში ერთხელ გამოვალთ და საათში ერთხელ დაგელაპარაკებით თქვენ. ელაპარაკეთ ერთმანეთს, გაუზიარეთ ნამდვილი ადამიანების ემოციები ერთმანეთს“, - აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.  

 

შეგახსენებთ, დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner