გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდებოდაა. მთავარი პროკურატურა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მორიგი განცხადების გავრცელებას უახლოეს დღეებში გეგმავს. მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ გაკეთებული ხმაურიანი განცხადების შემდეგ, სასამართლო კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. შეიცვალა თუ არა რუსთავი 2-ის და ე.წ. კაბელების საქმის სარჩელი სასამართლოში შეტანის შემდეგ და რატომ არ იყვნენ ამის შესახებ ინფორმირებული მოსამართლეები.
ეტაპზე ვერ დაგიზუსტებთ და ვერ განგიმარტავთ. გეტყვით, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ, მთავარი პროკურატურა გაავრცელებს ოფიციალურ განცხადებას.
საგაზეთო ინტერვიუს შემდეგ, მოსამართლე ტურავამ დღეს ასევე ჟურნალისტებთან გააკეთა განცხადება, რომ არსებობს ეჭვი სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ, შეიცვალა ორი გახმაურებული საქმის ე.წ. კაბელებისა და რუსთავი 2 -ის საქმის სარჩელი და მოხდა გადაწერა ამ სარჩელის. ამ საკითხთან დაკავშირებით, მერაბ ტურავამ გააკეთა განცხადება, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ მოსამართლეებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს პლენუმის სხდომაც კი შეიკრიბა, თუმცა სხდომის დასრულების შემდეგაც უცნობია, თუ რა საკითხებთან დაკავშირებით იქნა მსჯელობა გამართული და კონკრეტულად რა გადაწყვეტილებამდე მივიდნენ თავად მოსამართლეები.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოსამართლეთა ერთი ნაწილი ამ ყველაფერში, სარჩელის ცვლილებაში გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს ვერ ხედავს. რაც ეხება მოსამართლეთა იმ ნაწილს, რომელიც სულ რამოდენიმე დღის წინ იმყოფებოდა მთავარ საგამოძიებო უწყებაში. ისინი აღნიშნავენ, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათზე რაიმე სახის ზეწოლა არ ყოფილა, შესაბამისად მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, რომ თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან და იმისგან, რომ მოსამართლეები ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესებში.
„პარასკევს შემოსული სარჩელი, დარეგისტრირებული ნომრით, შაბათ-კვირას არის სხვა სარჩელით შეცვლილი და ორშაბათს წარმოებაში მიღებული. ამის შესახებ მოსამართლეებს არ შეიძლება, რომ სცოდნოდათ. თუ როგორ, რატომ, ვის მიერ და რა მიზნით მოხდა ამ სარჩელების გამოცვლა. შესაბამისად მე ვერ გეტყვით საბოლოო დასკვნას ამ საკითხთან დაკავშირებით", - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა.
„მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის, რაზეც ის საუბრობდა, რომ სამი ფურცელი დაემატაო. მართლა ასე იყო, ანუ თქვა რომ, იცით რა პირველადი ვერსია, მეორადი ვერსიაა. კიდევ რაღაც თემებზე ვისაუბრეთ იქვე. არ დავარღვევ კანონს თუ ვიტყვი, რომ მისი გადმოცემით, ეს კიდევ შემოწმებას კიდევ საჭიროებს, დაემატა კონსტიტუციის ერთი მუხლი და მისი არგუმენტაცია, რომ იმ პერიოდში საუბარი იყო მხოლოდ ერთ-ერთ საქმეზე - კაბელების საქმეზე", - აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავამ.
„მე სხვისი სახელით ვერ ვისაუბრებ, ჩემთან მიმართებით და ჩემი ახლობლების მიმართ გარე მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა. ამაზე მეტს, ვერაფერს ვერ ვიტყვი", - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა.
„სამართლებრივი ინსტიტუტების დაცვა პოლიტიკური გავლენებისაგან ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ეს პრობლემა არ დაწყებულა ამ ხელისუფლების პირობებში ეს არის ფაქტი, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სერიოზული ამბიციები მათ შორის ევროინტეგრაციასთან მიმართებაში და ა.შ. ვერ ვახერხებთ მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამართლებრივი ბუნების ინსტიტუტები და მექანიზმები დავიცვათ პოლიტიზირების საფრთხისაგან, ან ასეთი აღქმისაგან", - აღნიშნავს „საიას" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.
„თუ ხელისუფლება ახორციელებდა ზეწოლას, როგორ იღებდა საკონსტიტუციო სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს, რომელშიც პარლამენტი იყო დამარცხებული. ასე რომ, ზეწოლაზე საუბარი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ეს არის სრულიად არასერიოზული და სრულიად კომიკური განცხადება იმიტომ, რომ ვნახოთ ფაქტები და თუ ვინმეს მხრიდან შეიძლება ზეწოლა ყოფილიყო, ალბათ შეიძლება სწორედ, ყოფილი მმართველი გუნდის მხრიდან", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.
შეიცვალა თუ არა სარჩელები და დაიწყო თუ არა ე.წ. კაბელების საქმისა და „რუსთავი 2"-ის საქმის ფორსირებულ რეჟიმში განხილვა, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ გარკვეულწილად მოხდა პროცედურების დარღვევა და კანონის დარღვევაც, პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ამას, საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვეს.