logo_geo
eng_logo
NATO: რუსეთის ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი ქმედებების შედეგებზე - რუსეთი ძალიან მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის
- +

24 თებერვალი. 2022. 15:04

 

 

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის შემზარავ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც აბსოლუტურად გაუმართლებელი და არაპროვოცირებულია“, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

 

„ეს განახლებული თავდასხმა საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევაა. ეს აგრესიის აქტია დამოუკიდებელი მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ უკრაინელი ხალხისა და მისი ლეგიტიმური, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ყოველთვის შევინარჩუნებთ სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის მის ტერიტორიულ წყლებში. რუსეთს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედება და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და მის გარშემო ტერიტორიიდან, სრულად სცეს პატივი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და დაუშვას უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და დახმარება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

NATO ასევე მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ძალადობისა და აგრესიის გზაზე, რომელიც მან აირჩია.

 

„რუსეთის ლიდერებმა სრული პასუხისმგებლობა უნდა აგონ თავიანთი ქმედებების შედეგებზე. რუსეთი ძალიან მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. NATO გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და ამას გეოსტრატეგიული შედეგები მოჰყვება. NATO გააგრძელებს საჭირო ზომების მიღებას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ განვათავსებთ დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო საშუალებებს. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა ყველა გაუთვალისწინებელ სცენარზე რეაგირებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner