„არცერთი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მთავრობას აქვს მიღებული, არ არის პოზიტიურად შეფასებული ოპოზიციის მხრიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მათთვის მორიგ ჯერზე უკრაინის თემა კვლავაც გამოყენებულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პოლარიზაციის ფონი შექმნან პოლიტიკურ ძალებს შორის ქვეყნის შიგნით.
„ყველამ დავინახეთ როგორ განვითარდა დღეს პროცესები. დილიდან დასცეს ყიჟინა და საქართველოს ხელისუფლების არც ერთი მოქმედება მათ არ მოსწონთ. მგონი ჩვენი საზოგადოება, ჩვენი თანამოქალაქეები კარგად ხედავენ იმას, რომ არცერთი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მთავრობას აქვს მიღებული, არ არის პოზიტიურად შეფასებული ოპოზიციის მხრიდან. ამიტომ რაც არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას, მათი მხრიდან ყოველთვის ეს ნეგატივი წამოვიდოდა. მათთვის მორიგ ჯერზე უკრაინის თემა კვლავაც გამოყენებულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პოლარიზაციის ფონი შექმნან პოლიტიკურ ძალებს შორის ქვეყნის შიგნით. რომ ჰქონოდათ მათ ჩვენთან მუშაობის სურვილი, ვიდრე ამ განცხადებებს გააკეთებდნენ, შეგვეძლო კონსულტაციების გამართვა და ეს შოუ არ დაედგათ მორიგ ჯერზე. ახლა აუცილებელია კონსოლიდირებული მოქმედება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.