„დილის 5 საათიდან პუტინი თავისი საოკუპაციო რუსული ჯარებით შემოიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და ერთდროულად სარაკეტო დარტყმა მიიტანა სხვადასხვა ობიექტზე. მას დაგეგმილი ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში ჩვენი თავდაცვის განადგურება და უკრაინის ხელისუფლების იძულება, რომ კაპიტულაცია გამოეცხადებინა“, - ამის შესახებ რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა, პოლკოვნიკმა, ანდრეი ტეტერუკმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები.
„ყირიმის მხრიდან მოწინააღმდეგე ცდილობს, რომ ქვეითთა დერეფანი გახსნას რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენონ რუსეთის ფედერაციის ჯარს. ახლა კიევის თავზე ისმის აფეთქებების ხმა. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მუშაობს. დილის 5 საათზე პუტინმა გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები და სტრატეგიული სარაკეტო შეიარაღება, რათა განეხორციელებინა კიევზე დარტყმები. ჩვენი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა აუცილებელ ზომებს იღებს, უკრაინელებს ინფორმაციას აწვდის მიმდინარე მოვლენებზე და არცერთ შემთხვევაში ისინი არ აპირებენ კომპრომისზე წასვლას. ჩვენ ვაჩერებთ რუსეთის ფედერაციის აგრესიას, რომელიც მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის საფრთხეს წარმოადგენს და ძალიან გვჭირდება, რომ რუსეთზე შეიქმნას უპრეცენდენტო ზეწოლა, არა მხოლოდ სანქციების სახით, არამედ - ტექნოლოგიურიც. სანქციები ეს არის დიპლომატიური ინსტრუმენტი, რომელიც ხანგრძლივად მუშაობს, მაგრამ საკმაოდ სანდოდ. ჩვენ არ გვჭირდება შეიარაღებული დახმარება, ჩვენ თავს დავიცავთ, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია დამატებითი დახმარება კიევისთვის, იმისთვის, რომ ცა დაიფაროს და პუტინმა ვერ შეძლოს სარაკეტო, საავიაციო და ასევე ვერტმფრენებით შეიარაღების გამოყენება. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება საჰაერო სივრცის დახურვა, ეს იქნება დახმარება და კიდევ გვჭირდება დამატებითი იარაღის მოწოდება, რაც კარდინალურად შეცვლის ვითარებას წინააღმდეგობის ზღურბლზე“, - განაცხადა ანდრეი ტეტერუკმა.