logo_geo
eng_logo
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან
- +

25 თებერვალი. 2022. 01:29

 

 

„ევროპული საბჭო უმკაცრესად გმობს რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

 

„თავისი უკანონო სამხედრო ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდების პრინციპებს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ ეს მოიცავს უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი ბედი. რუსეთს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აგრესიის ამ აქტზე და ყველა ნგრევასა და ადამიანურ დანაკარგზე. რუსეთი პასუხს აგებს თავის ქმედებებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ევროპული საბჭო რუსეთისგან მოითხოვს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები, უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

ევროპული საბჭო ასევე მკაცრად გმობს ბელარუსის ჩართულობას უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიაში და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან და დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები.

 

„ევროპული საბჭო დღეს შემდგომ შემაკავებელ ზომებზე შეთანხმდა. ეს სანქციები მოიცავს ფინანსურ სექტორს, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებს, ორმაგი დანიშნულების საქონელს, ასევე ექსპორტის კონტროლსა და ექსპორტის დაფინანსებასა და სავიზო პოლიტიკას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ევროპული საბჭო მოითხოვს სასწრაფოდ მომზადდეს შემდგომი ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს ბელარუსს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner