logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ქედს ვიხრი ყველა იმ მოხუცის წინაშე, რომლებიც ბეშუმში ქართულ კულტურას ინარჩუნებენ
- +

6 აგვისტო. 2016. 14:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბეშუმი საქართველოს სიამაყეა.


,,მინდა, ქედი მოვიხარო მუჰამედ ირემაძის და მისი ანსამბლის, ყველა იმ მოხუცის წინაშე, რომლებიც ამ ურთულეს პირობებში, ბეშუმში ქართულ კულტურას და ადათ-წესებს ინარჩუნებენ. ვისურვებდი, ეს შემართება, ეს განსაკუთრებული სიყვარული, განსაკუთრებული პატრიოტიზმი, რომელიც თქვენ, მთიან აჭარას გაქვთ, შენარჩუნებულიყოს, გაძლიერებულიყოს. თქვენ ხართ ჩვენთვის მაგალითი. ამიტომ  კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გილოცავთ დღევანდელ დღეს, შუამთობას - შრომის, სიყვარულის, ერთობის დღესასწაულს. იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელოსუფლებისთვის მთავარი საზრუნავი მთაში მოსახლეობის დარჩენაა.


,,დიდი მნიშვნელობა აქვსრომ ეს უნიკალური ადათ-წესები შენარჩუნდეს და ჩვენ მომავალ თაობას გადაეცეს. ძალიან მახარებს ამდენი ახალგაზრდის მონაწილეობა ამ დღესასწაულში. მინდა, აღვნიშნო ის პროექტები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ რეგიონის გაძლიერებისთვის. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, გზების მშენებლობა, წყლის რეაბილიტაცია, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე სრულად დასრულდება და ყველა ოჯახს ექნება აუცილებლად წყლით მომარაგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ადამიანებმა იგრძნონ ზრუნვა და ყურადღება ჩვენგან",- განაცხადა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთის კანონის მიხედვით, სექტემბრიდან პენსიონერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ექთნებს ექნებათ სპეციალური, განსაკუთრებული დანამატები, რათა ხელისუფლებისგან ყურადღება იგრძნონ.


,,ეს ყველაფერი არის ის მცირედი, რაც ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენთვის მთიანი ტურიზმის, ეკოტურიზმის განვითარება, ის, რომ აქ ყველა ოჯახს, მცირე სასტუმროს ჰქონდეს შემოსავალი, კეთილდღეობა მივიდეს ყველა თქვენთაგანის ოჯახში, იქნება ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner