„უკრაინის საკითხი ეს არის საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც, მაგრამ ეს არ არის შიდაპოლიტიკური საკითხი იმ გაგებით, რასაც გარკვეული პარტიები ცდილობენ, წარმოაჩინონ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში, იუნკრების მემორიალთან განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი უკრაინის საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის ცდილობს.
„ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი მართავს, მათ შორის რეზოლუციის წინააღმდეგ და ცდილობს, დააკნინოს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელსაც ხმა არ მისცეს, რომლის გამოც ჩვენ უკრაინა მადლობას გვიხდის, ანუ უკრაინა არის კმაყოფილი ამ რეზოლუციით და ოპოზიციის ნაწილი არ არის, ეს აბსოლუტური აბსურდია და ერთ რამეს ადასტურებს, რომ ისინი ცდილობენ, უკრაინის საკითხი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენონ.
რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, იცით, რომ „ქართული ოცნების“ ფრაქციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ფრაქცია არ დაესწრება ამ სხდომას და სწორედ ეს მიზეზები ახსნა. ვხედავთ და ბოლო დღეებში ჩვენ ვართ ამის მოწმე, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, უკრაინის საკითხი გახადოს საკუთარი, შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად. ჩვენ გვესმის მთელი ტალღა დეზინფორმაციისა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციის ნაწილიდან მოდის უკრაინასთან დაკავშირებით. მათ შორის რეზოლუციასთან მათი დამოკიდებულებაც ადასტურებს იმას, რომ ცდილობენ, უკრაინის საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის. სწორედ ეს არის არსი ფრაქცია „ქართული ოცნების“ განცხადების, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ, სწორედ ეს იქნება არასწორი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომ უკრაინის თემა შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყოს გამოყენებული.
უკრაინის საკითხი ეს არის საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც, მაგრამ ეს არ არის შიდაპოლიტიკური საკითხი იმ გაგებით, რასაც ცდილობენ გარკვეული პარტიები წარმოაჩინონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.