logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: მე ვამბობდი, რომ დასავლეთის მუდმივი და უშედეგო დაპირებები საფრთხეს უფრო ზრდის-მეთქი
- +

25 თებერვალი. 2022. 12:36

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„როდესაც მე ვამბობდი, რომ NATO-ზე უშედეგო საუბარი ჩვენ ვერაფერს გვმატებს, რუსეთს კი აღიზიანებს-მეთქი, - რუსეთუმე ხარო!

 

როდესაც მე ვამბობდი, რომ დასავლეთის მუდმივი და უშედეგო დაპირებები საფრთხეს უფრო ზრდის-მეთქი, - რუსეთუმე ხარო!

 

როდესაც მე ვამბობდი, რომ  დასავლეთი რუსეთს ჩვენ გამო არ დაუპირისპირდება და რეალურად ვერაფერს გააკეთებს-მეთქი, - რუსეთუმე ხარ და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებო!

 

როდესაც მე ვამბობდი, არ არის საჭირო რუსეთის გაღიზიანება-მეთქი, - რუსეთუმე ხარო!

 

როდესაც მე ვამბობდი, რომ ამერიკა ერაყში, ლიბიაში, ავღანეთში სამხედრო მოქმედებებით რეალურად ამ ქვეყნებში დემოკრატიის დამყარებას ვერ მიაღწევს-მეთქი, - ეს კრემლისტური ნარატივიაო!

 

როდესაც მე ვამბობდი, რუსეთმა აქ შემოჭრა თუ გადაწყვიტა, მარტო დავრჩებით-მეთქი, - ეს ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდაა და ასეთი საუბარი რუსეთის ინტერესებშიაო!

 

როდესაც მე ვამბობდი...

 

გულწრფელად ვამბობდი, წარსულს და აწმყოს ვაანალიზებდი და ფაქტებს ვაჯერებდი, ღიად, ტელეეთერში და არა სადმე, კულუარებში და ამის გამო ათასი ბინძური იარლიყი მომაწებეს!

 

დღეს კი მთელი დღეა, გაბრაზებული უკრაინელების და აღშფოთებული ქართველების სტატუსებს ვკითხულობ!

 

ყველაფერი რაც აქამდე მითქვამს, აბსოლუტურად ყველაფერი სოციალური ქსელებიდან და ტელერადიოეთერებიდან იღვრება! უფრო მძაფრადაც!

 

არ მახარებს ეს ამბავი!

ნამდვილად არ მახარებს!

 

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ათასობით და ასიათასობით ადამიანს მაინცდამაინც უკრაინის ტრაგედიით უნდა ერწმუნა, რომ ჩვენისთანა ქვეყნები განწირულები არიან და დიდი სახელმწიფოების მანიპულაციური პოლიტიკის მსხვერპლი ხდებიან ხოლმე.

 

ჩვენ ეს 2008 წელს გამოვიარეთ!

ჩვენს თავზე ვიწვნიეთ!

 

მე მახსოვს სასოწარკვეთილი სააკაშვილის მაშინდელი ისტერიკა, - არ მიგვატოვოთო!

 

ახლა უკრაინის სასოწარკვეთილი პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, - ჩვენ მიგვატოვესო!

რუსეთუმეა?!

 

მიუხედავად გარდაუვალი საფრთხისა, კიევიდან ფეხს არ იცვლის და ყველას ემუდარება, - დაგვეხმარეთო!

 

წარმოგიდგენიათ, - NATO-ს წევრი 27-ვე ქვეყნის პირველ პირს ელაპარაკა და ყველამ თავი შორს დაიჭირა: არავის უნდა რუსეთთან ომი!

 

პრეზიდენტი ზელენსკი გაოგნებულია: მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვართ, მარტო დავრჩითო! ჩვენთვის ბრძოლა არავის უნდა, არც ჩვენი NATO-ში მიღება უნდათ და ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიების მოცემაც ეშინიათო!

 

არადა, 1994 წელს სწორედ აშშ, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი დაუდგნენ გარანტად უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!

 

ახლა ეს გარანტიები ვიღას ახსოვს?!

ერთი გარანტორი საერთოდ თავს დაესხა!

დანარჩენი ორი შორიდან იქნევს მუშტებს!

 

უკრაინა მიატოვეს!

ჩვენც მიგვატოვეს!

 

მიგვატოვეს 2008-ში და მიგვატოვებენ ხვალაც: ჩვენს გამო არავინ დაიწყებს ომს რუსეთთან!

 

ახლა რუსეთს სანქციებს მაინც უწესებენ! მაშინ ესეც არ გაუკეთებიათ!

 

ტროცკისტ-ლიბერალები კი ახლა ამ სტატუსს წაიკითხავენ და ისევ ჩაინიშნავენ ანგარიშ-დანოსებისთვის, - რუსეთუმეაო!

 

სინამდვილეში კი თვითონ არიან რუსეთის სასარგებლო იდიოტები, მათი ნაწილი კი რუსეთის სპეცსამსახურებს ერთგულად ემსახურება!

 

და სხვებისთვის რუსეთუმეს იარლიყის მიწებებით ცდილობენ საკუთარი სიბინძურის დამალვას!

 

ახლა პარლამენტში პოლიტიკური მასკარადის მოწყობა უნდათ, მაგრამ არაფერი გამოსდით!

 

არც გამოუვათ, რადგან...

 

რადგან ახლა დიდი სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებული სიფრთხილე, აქამდე რომ არც გვიფიქრია, იმ მასშტაბის სიფრთხილე!“- წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner