„ომს არანაირი გამართლება არ აქვს, ეს ყველაფერი ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ 2008 წელს, როდესაც საუბედუროდ თავიდან ვერ იქნა აცილებული აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები, რამაც გახსოვთ ყველას, ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენ ქვეყანას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კოჯორში განაცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაიხოცნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დავკარგეთ ტერიტორიები. რუსეთმა მოახდინა ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია და შემდეგ აღიარება.
„ვინ დაზარალდა 2008 წელს? რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. დაიხოცნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დავკარგეთ ტერიტორიები. რუსეთმა მოახდინა ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია და შემდეგ აღიარება. მინდა, კიდევ ერთხელ დასკვნის სახით ვთქვა, რომ ომი ყველასთვის მიუღებელია. არცერთ მხარეს არ ჰყავს გამარჯვებული, რადგან ზიანი ორივე მხარეს მიადგება. ჩვენი მხრივ კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა და მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უკრაინაში ეს საომარი მოქმედებები შეჩერდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.