რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ჩინეთის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი გზით კონფლიქტის დარეგულირებას მხარს დაუჭერს.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვლადიმირ პუტინმა სი ძინპინთან საუბარში მზადყოფნა გამოთქვა უკრაინასთან უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებისთვის.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რუსეთის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ, რათა ხალხის სიკვდილი შევაჩეროთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.