„მნიშვნელოვანი, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, გადის ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი პოზიციების გამოხატვაზე და იმ მაქსიმუმი შესაძლებლობების განხორციელებაზე, რისი საშუალებაც დღეს საქართველოს აქვს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც არის ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე.
„მეორეა, რას ამბობენ ჩვენი ოპონენტები. ჩვენ ოპონენტებს, სამწუხაროდ, კეთილი ზრახვები არ ამოძრავებთ, მათ ძალიან კარგად იციან, რეგიონში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა რა რისკების წინაშე დგას და ცდილობენ საზოგადოების ემოციებზე ითამაშონ და ამით გარკვეული დესტაბილიზაცია შემოიტანონ ქვეყანაში. მათი სურვილი სამწუხაროდ არის ის, რომ იმ აგრესიული მოქმედებების ვექტორი საქართველოზეც გადმოვიდეს. არ ითვალისწინებენ იმას, თუ რისკები შეიძლება არსებობდეს. ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საომარი მოქმედებები, საერთაშორისო ნორმების სრული უგულებელყოფით ხორციელდება რუსეთის მიერ ოკუპაციის სახით უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენ ვართ 24-საათიან რეჟიმში კოორდინაციაში ჩვენ დასავლელ კოლეგებთან - აშშ-სთან, ევროკავშირთან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, დასავლეთის კონკრეტულ სახელმწიფოებთან და ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ამავე დროს ჩვენი წვლილის შეტანით, რომ ეს პროცესები მშვიდობიან გზაზე გადავიდეს, ომი შეჩერდეს, ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს. ჩვენ ვდგამთ იმ ნაბიჯების, რომელიც არის ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე.
ამ წუთში ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან და იმსჯელებენ იმ კონკრეტულ სანქციებზე, ძალიან მკაცრი ზომების გატარებაზე, რომ რუსეთი იძულებული გახდეს უკან დაიხიოს და ეს ყველაფერი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატში გადავიდეს. საქართველო ამ პროცესებში ჩართულია. ჩვენი საგარეო უწყება 24-საათიან რეჟიმში, ჩვენი საელჩოები მუდმივ კოორდინაციაში არიან ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან. ჩვენი ხელისუფლების პირველმა პირებმა არაერთი ოფიციალური განცხადება გააკეთეს და მოუწოდეს დასავლეთს, მყისიერი ნაბიჯები გადადგას პირველ რიგში ომის და სისხლისღვრის შესაჩერებლად, და რომ ეს სიტუაცია მოლაპარაკებების რეჟიმს დაუბრუნდეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.