ავიაკომპანია Georgian Airways-ის პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დროული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ შეუერთდეს დასავლეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის გამოცხადებულ სანქციებს. მისი ეს პოზიცია სახელმწიფოებრივია და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება. ნურავის დაავიწყდება, რა და რისი საშუალება გაგვაჩნია ჩვენ. ვინმეს სადღაც, ქვეყნის გარეთ, ვიღაცისთვის ერთგულების დამტკიცება თუ სურს, ამის გაკეთებას ქართველი ხალხის ხარჯზე ნუ ცდილობს. საქართველო წინაპართა სიბრძნემ და შორსმჭვრეტელობამ მოიყვანა აქამდე და არა მედროვეთა და შარლატანთა პოპულისტურმა გამოხდომებმა. თუკი ასე შეტკივათ გული, მოვუწოდებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, აისხან აბჯარი და წავიდნენ უკრაინაში ნაციონალისტების დასაცავად (რასაც მტერსაც არ ვუსურვებ და არც ამათ ვურჩევ), მაგრამ მათ უკრაინაში ვინ უნდა დაიცვან, როდესაც ყველას გვახსოვს 2008 წლის მოვლენები და მათ მიერ სამარცხვინოდ ჩაბარებული სამაჩაბლო, აფხაზეთი და კოდორის ხეობა.
გეყოფათ ქართველი ხალხისთვის თავ-გზის აბნევა და ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლით პოლიტიკური მანიპულირება. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩვენ მცირერიცხოვანი ხალხი ვართ და უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე ვდგავართ.
დაგვანებეთ თავი, მოეშვით ქართველი ხალხის სახელით სპეკულაციას. თქვენ თქვენი დეზინფორმაციითა და გაუთავებელი პოპულიზმით დიდი ხანია წამლავთ ქართველი ხალხის ცნობიერებას. ქართველი ხალხი ოდესმე ხელისუფლებაში თუ აგირჩევთ (რაც ძნელი დასაჯერებელია), მერე აკეთეთ ქართველი ხალხის სახელით განცხადებები. საქართველოში თქვენს გარდა ყველა მიხვდა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული ეს კონკრეტული განცხადება ჩვენი წინაპრების სულისკვეთებითაა გაჟღენთილი, ანუ საქართველოსთვის ჭირის არიდების მოტივითაა განპირობებული. თქვენი ფსევდოპატრიოტული ყაყანი კი სხვა არაფერია თუ არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ ღია გამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილური ზრახვების მისაღწევად, რითაც საბოლოოდ გაიშიფრეთ.
ბატონო ირაკლი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ყველა გონიერი ქართველი თქვენს გვერდითაა!“ - წერს თამაზ გაიაშვილი.