ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაში ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე, საერთშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევაზე ევროპაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას. მან სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.
,,სამწუხაროდ 2008 წელს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უხეშად დაირღვა და გავხდით რუსული აგრესიის მსხვერპლი, საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო პასუხი ვერ გასცა ამ ქმედებას, პასუხი, რომელიც თავიდან აგვაცილებდა მსგავსი ქმედების განმეორებას ევროპაში“,-აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო პასუხის საჭიროებას, იმისათვის, რომ შეწყდეს უკანონო ქმედებები და სამხედრო ინტერვენციები ევროპაში. ,,სახელმწიფოები არ უნდა ისჯებოდნენ საკუთარი აწმყოსა და მომავლის განსაზღვრის სუვერენული უფლებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სესიის ფარგლებში საუბარი შეეხო მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიის განვითარებაში ჟურნალისტიკის როლს. ,,საქართველო სრულად იზიარებს თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს მედიის თავისუფლების, პლურალიზმისა და სიტყვის თვისუფლების უზრუნველსაყოფად, რაც შესაბამისად ასახულია საერთაშორისო რეიტინგებში“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მათი დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების არსებობას.