უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული საოკუპაციო ჯარის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„რუსი ოკუპანტების თავდასხმითი ოპერაცია გრძელდება. მოწინააღმდეგე აგრძელებს საავიაციო დარტყმებს აეროდრომებზე უკრაინის აღმოსავლეთ და კიევის ჩრდილოეთ ნაწილში. საავიაციო დარტყმები განხორციელდა სუმის, პოლტავის, მარიუპოლის რაიონებზეც. შავი ზღვიდან მოწინააღმდეგემ უკრაინის ტერიტორიის მისამართით „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოუშვა.
უკრაინის თავდაცვითი ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვით ოპერაციას და ინარჩუნებს დაკავებულ პოზიციებს ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ. მოწინააღმდეგის დანაკარგი ასეთია: 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი, 102 ტანკი, 536 დაჯავშნული საბრძოლო მანქანა, 15 ქვემეხი, 1 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ბოლო მონაცემებით, მოკლულია 3,5 ათასი რუსი სამხედრო, 200-მდე კი ტყვედ არის აყვანილი.