გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ უკრაინა მარტო არ არის და დასავლეთი გადავიდა საკმაოდ აქტიურ ქმედებებზე, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ ანალიტიკოსმა, ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.
„პირველ რიგში მინდა მტკიცე სოლიდარობა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და მათ შორის ჩვენი უსაფრთხოებისთვის. გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ უკრაინა მარტო არ არის და დასავლეთი გადავიდა საკმაოდ აქტიურ ქმედებებზე. ეს გადაწყვეტილებები მიანიშნებს, რომ უკრაინას აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ყველამ დაგმო რუსეთის აგრესია, ჩვენ ვიხილეთ, რომ პერსონალური სანქციები დაუწესდათ ვლადიმერ პუტინს და სერგეი ლავროვს. პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში უკრაინა იღებს სამხედრო დახმარებას. ნატო მოიწვია რიგგარეშე სამიტი და აამოქმედა თავდაცვის გეგმა. ამ გადაწყვეტილებებით დასავლეთი აჩვენებს რუსეთს, რომ ყველანაირად შეეცდება ამ აგრესიის შეჩერებას და ეს რუსეთს ძვირი დაუჯდება“, - განაცხადა ბურკაძემ.