„გამარგინალებული პოლიტიკოსები ყველანაირად ცდილობენ, მოქალაქეთა გულწრფელი განწყობა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების და მიზნებისთვის გამოიყენონ“, - წერს არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ამაზრზენია, როდესაც ამ ხმაურში წინა პლანზე გამოსვლას ცდილობენ მტრის წინაშე შარვალჩახდილი მაქარაშვილები, საკუთარი ქვეყნის ჯარიდან თავის არიდებისთვის გასაბერი ეკლესიების ეპისკოპოსებად ქცეული „ვაჟკაცები“ და ლიბერალურ ტრენდებს აყოლილი პოლიტიკურად ანგაჟირებულ რევანშისტები, რომლებსაც დღემდე არ უგიათ პასუხი ტერიტორიების ჩაბარებაზე, ბრძოლის ველიდან გაქცევაზე, გმირების ცხედრების მიტოვებაზე, წაგებულ ომში გამდიდრებასა და რუსებისთვის გადაცემულ ქონებებზე.
მისივე თქმით, ამ დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და სხვა პოლიტიკურმა პირებმა ღიად დაგმეს რუსული სამხედრო აგრესია უკრაინაში. 23 თებერვალს, საქართველოდან უკრაინაში ჩაფრინდა ჰუმანიტარული ტვირთით სავსე თვითმფრინავი და საქართველო არც უკრაინიდან ლტოლვილების მიღებაზე აცხადებს უარს. ამ წუთებში მუშაობს საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულო ოდესაში და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ (მათ შორის ნატოს წევრებმა) უკრაინიდან გაიყვანა და დახურა დიპკორპუსი.
„ჩვენ და უკრაინა დღეს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეები გულწრფელად გმობენ აგრესორის მოქმედებას და ასევე გულწრფელად თანაუგრძნობენ მსხვერპლს. ეს კარგად ჩანს სოციალურ მედიაში, ტელესივრცეში თუ ქუჩაში დაფიქსირებულ პოზიციებში.
ამის პარალელურად კარგად ჩანს, რომ გამარგინალებული პოლიტიკოსები ყველანაირად ცდილობენ მოქალაქეთა ეს გულწრფელი განწყობილება საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების და მიზნებისთვის გამოიყენონ ისე, რომ ინსცენირებებითა და შოუებით თვითონ შეუპოვარ ვაჟკაცებად და თავგანწირულ პატრიოტობად წარმოჩინდნენ.
რუსეთი რომ ოკუპანტია და საქართველო და უკრაინა - მსხვერპლი, ამას ვერც „პუტინ ხუილოს“ ძახილი შემატებს რამეს, ვერც ყელგამოღადრული წივილ-კივილი, ვერც „ბოროტების იმპერიის“ მიმართ ხმამაღალი ლანძღვა-გინება და ჰაერში მუშტების ქნევა და ვერც სოციალურ ქსელში კაკუნი და გულზე მჯიღის ცემა.
მით უმეტეს, ამაზრზენია, როდესაც ამ ხმაურში წინა პლანზე გამოსვლას ცდილობენ მტრის წინაშე შარვალჩახდილი მაქარაშვილები, საკუთარი ქვეყნის ჯარიდან თავის არიდებისთვის გასაბერი ეკლესიების ეპისკოპოსებად ქცეული „ვაჟკაცები“ და ლიბერალურ ტრენდებს აყოლილი პოლიტიკურად ანგაჟირებულ რევანშისტები, რომლებსაც დღემდე არ უგიათ პასუხი ტერიტორიების ჩაბარებაზე, ბრძოლის ველიდან გაქცევაზე, გმირების ცხედრების მიტოვებაზე, წაგებულ ომში გამდიდრებაზე და რუსებისთვის გადაცემულ ქონებებზე. ტრაგიკომიკურია ამ ხალხის მხრიდან გამბედაობაზე, თავგანწირვაზე, საკუთარი ქვეყნის სიყვარულზე და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე ლაპარაკი...
ამ დროს რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც რეალური პასუხისმგებლობა გააჩნია ქვეყნის ინტერესების დაცვისას და არა აქვს უფლება იხელმძღვანელოს ემოციებით და განწყობებით: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და სხვა პოლიტიკურმა პირებმა ღიად დაგმეს რუსული სამხედრო აგრესია უკრაინაში. 23 თებერვალს, საქართველოდან უკრაინაში ჩაფრინდა ჰუმანიტარული ტვირთით სავსე თვითმფრინავი და საქართველო არც უკრაინიდან ლტოლვილების მიღებაზე აცხადებს უარს. ამ წუთებში მუშაობს საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულო ოდესაში და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ (მათ შორის ნატოს წევრებმა) უკრაინიდან გაიყვანა და დახურა დიპკორპუსი.
ახლა ვნახოთ, რამდენად ადეკვატურია აქედან გამომდინარე, გამარგინალებული ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მიმართ წაყენებული და ბევრი გულწრფელი მოქალაქის მიერ ატაცებული 2 მთავარი პრეტენზია: რატომ არ ჩადის პრემიერი კიევში სოლიდარობის გამოსახატავად (2008 წელს უკრაინის პრეზიდენტი ხომ ჩამოვიდა?);
რატომ არ უერთდება საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს.
საინტერესოა, რომელი ქვეყნის ლიდერია ჩასული ბოლო დღეებში კიევში და რატომ მათი მოქალაქეები არ უყენებენ თავიანთ ლიდერებს ამ პრეტენზიას? რაც შეეხება იუშჩენკოს 2008 წელს საქართველოში ჩამოსვლას, ეს მოხდა ომის დასრულების შემდეგ და გულუბრყვილო ან სულელია ის, ვისაც სჯერა „ნაცების“ ნარატივი იმის შესახებ, რომ სწორედ იუშჩენკოს და სხვა პრეზიდენტების თბილისში რამდენიმე საათიანმა ყოფნამ გადააფიქრებინა რუსებს თბილისის აღება. თუ ეს ასეა და რუსებს მათი შეეშინდათ, როდესაც იმავე ღამით გაფრინდნენ პრეზიდენტები თბილისიდან, ამის შემდეგ რაღამ შეაკავა ისინი, თუ მართლა გეგმაში ჰქონდათ თბილისი აღება? გარდა ამისა, თუ ასეთი მარტივია რუსეთის ჯარის შეკავება, ჩავიდნენ დღეს კიევში პოლონეთის, ბალტიის ქვეყნების, ან სულაც ევროკავშირის და ნატოს ლიდერები და შეჩერდება რუსეთის ჯარის შეტევა კიევზე.
რაც შეეხება სანქციებთან შეერთებას: მე მგონი, არავინ დავობს, რომ საქართველოს მხრიდან ამას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა და ჩვენ რუსეთს ვერც დენს ჩავუჭრით, ვერც გაზს გავუთიშავთ, ვერც ნავთობის, ხორბლის და ფინანსური ნაკადების მიწოდებას შევუჩერებთ, ვერც SWIFT-დან ამოვაგდებთ და ვერც სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვით გამოვუცხადებთ ბლოკადას. პირიქით კი უამრავ ზარალს ვნახავთ, თუნდაც მარტო ფრენების შეჩერების თუ რუსეთიდან გადმორიცხვებისა და საქონლის შემოტანის დაბლოკვით. მაგრამ ამ ზარალზეც რომ წავიდეს საქართველო და წინა პლანზე სიმბოლური და მორალური პოზიციები დააყენოს, რა ვუყოთ იმ საფრთხეს, რომელიც შეიძლება ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ასეთმა, ან სხვა მკვეთრმა ანტირუსულმა ნაბიჯებმა გამოიწვიოს ქვეყნისათვის? დავუშვათ, დაიძრა 30 კილომეტრში მდგარი რუსეთის ჯარი თბილისისკენ (დღეს ზუსტად ამ მანძილზეა რუსის ჯარიდან კიევიდან დაშორებული), ვინ დაგვიცავს?
ჩვენ არაერთხელ წავიმტვრიეთ ცხვირი, როდესაც სახელმწიფოებრივ საკითხები არა რაციონალურად, არამედ ემოციურად გადავწყვიტეთ. დღეს არა მხოლოდ საქართველო, არამედ იტალია, გერმანია, ავსტრია, ნორვეგია, უნგრეთი, სერბია, ჩინეთი და ინდოეთიც არ შეუერთდა სრულად რუსეთის მიმართ დაწესებულ მკაცრ საერთაშორისო სანქციებს. არცერთი მათგანის ტერიტორიის ნაწილი დღეს ოკუპირებული არ არის, მაგრამ ისინი ხელმძღვანელობენ საკუთარი ქვეყნების შორს მიმავალი ინტერესებით და რატომ უნდა მოვთხოვოთ მაინცდამაინც 3-მილიონიან ქვეყანას, რომ უგულებელყოს ყველა რეალური საფრთხე და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მორალურად გამართლებულია, ლომის ხახაში ჩაყოს თავი.
ასე რომ, ვერც მოქალაქეებს აუკრძალავს ვერავინ საკუთარი გულწრფელი პოზიციების გამოხატვასა და არც ხელისუფლების დამუნათება იქნება სწორი სახელმწიფოს ინტერესებზე ზრუნვისათვის, რადგან ამ საკითხში ხელისუფლების კრიტიკოსებს მორალური და ემოციური კატეგორიების გარდა, სხვა არანაირი რაციონალური და ლოგიკური არგუმენტები არ გააჩნიათ“, - წერს ნანა კაკაბაძე.