logo_geo
eng_logo
საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე განცხადებას ავრცელებს
- +

6 აგვისტო. 2016. 16:57



საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მაია კოპალეიშვილი, ქეთევან ერემაძე და კონსტანტინე ვარძელაშვილი პოლიტიკოსების განცხადებებს პასუხობენ.


მოსამართლეები ეკა ბესელიას, გია ვოლსკის, მამუკა მდინარაძის, შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძისა და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობენ, რომლებიც ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების სარჩელის რეგისტრაციის საკითხს უკავშირდება.


საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანს, შესაბამისად, მოსამართლეებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ პირველი კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაში, საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, სამუშაო პროცესში, მიიღონ დატელური ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე, რაც სამუშაო პროცესს წარმოადგენს.


მათივე თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნების გაკეთება, ამ პროცეში ჩარევის მცდელობად შეიძლება შეფასდეს.

 

"პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული დაუსაბუთებელი განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათ რეალურ მიზანს წარმოადგენს ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაცია, მათ მიმართ მუქარისა და შურისძიების მცდელობა, იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოსამართლეებზე განხორციელებული ზეგავლენის ფაქტებს უკავშირდებოდა. პოლიტიკური თანამდებობის პირების საყურადღებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების სარჩელის რეგისტრაცია განხორციელდა კანონის დაცვით, გამჭვირვალედ, პროცესში მონაწილე ყველა მოსამართლის თანაბარი ინფორმირებულობის პირობებში", - ნათქვამია განცხადებაში.


ამასთან, მოსამართლეები რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებითაც აკეთებენ განმარტებას.

 

„3 ივნისს, დაახლოებით დილის 11 საათზე, მოსარჩელეების წარმომადგენლებმა კონსტიტუციური სარჩელით საჯაროდ, მედიის თანდასწრებით, მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და განაცხადეს, რომ ასაჩივრებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლს (მითვისება ან გაფლანგვა). სარჩელის ფორმალური შემოწმების პროცესში, მოსარჩელეების წარმომადგენლებმა ითხოვეს დამატებითი დრო კონსტიტუციური სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაზუსტებლად, რის შედეგადაც რეგისტრაციის პროცესი შეჩერდა. რეგისტრაციის პროცესში, მით უფრო, მის დასრულებამდე, მოსარჩელეებს აქვთ კანონმდებლობით გარანტირებული შესაძლებლობა, დააზუსტონ, განავრცონ სასარჩელო განცხადება. არგუმენტაციის დამატების შესაძლებლობა მოსარჩელეებს აქვთ რეგისტრაციის დასრულების შემდგომშიც, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე", - აცხადებენ მოსამართლეები.


მათივე თქმით, 8 ივნისს პირველი კოლეგიას ჩანიშნული ჰქონდა საქართველოს მოქალაქე - გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა, რომლითაც გასაჩივრებული იყო, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის იგივე 182-ე მუხლი.


მოსამართლეების განმარტებით, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დავის საგნის იგივეობის შემთხვევაში, სარჩელები, როგორც წესი, ერთიანდება ერთ საქმედ. სწორედ ამიტომ, ე.წ. კაბელების საქმეზე პირველად დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი სარჩელის ელექტრონული ვერსია, სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, ინფორმაციის სახით დუყოვნებლივ გაეგზავნა პირველი კოლეგიის ყველა წევრს ელექტრონული ფოსტით, რათა კოლეგიას მისცემოდა შესაძლებლობა, დროულად გაცნობოდა საქმეს.


"მოსარჩელეეების წარმომადგენლების მიერ კონსტიტუციური სარჩელი საბოლოო სახით შემოტანილი იქნა იმავე დღეს (შუა დღისთვის), და მას მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი 764. ხოლო 4 ივნისს მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა ელექტრონული ფოსტით გამოაგზავნეს რეგისტრირებული სარჩელის ტექსტის ელექტრონული ვერსია, რომელიც საოგრანიზაციო სამსახურმა ასევე მიაწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. სწორედ ამიტომ მოსამართლეებს ჰქონდათ ორი განსხვავებული ტექსტი - 3 ივნისს გამოგზავნილი ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი სარჩელის ტექსტი და 4 ივნისს გამოგზავნილი დარეგისტრირებული სარჩელის ტექსტი. როგორც უკვე აღინიშნა, 6 ივნისს კოლეგიის წევრებმა იმსჯელეს სარჩელის დასაშვებობაზე, მათ შორის, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. აღნიშნული მსჯელობის შედეგად, პირველი კოლეგიის წევრებმა, მოსამართლე მერაბ ტურავას ჩათვლით, მიიჩნიეს, რომ არ არსებობს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც დასტურდება მიღებული საოქმო ჩანაწერით", - ნათქვამია განცხადებაში.


ასევე, მოსამართლეები განცხადებით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ე.წ კაბელების საქმეზე სარჩელით სადავოდ გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) კონსტიტუციურობის საკითხი ისედაც იხილებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხვა საქმის ფარგლებში. შესაბამისად, ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების სადავოდ გამხდარი საკითხები შეფასდებოდა და გადაწყდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განურჩევლად იმისა, მიმართავდნენ თუ არა ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner