საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია 200-მდე უკრაინის მოქალაქეს.
უკრაინელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან მათ პირველივე წუთებში დაუკავშირდნენ და დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს. უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი.