ჩვენ შევუერთდით ევროკავშირის ერთიან განცხადებას, რომელიც ევროკავშირის სახელით განხორციელდა უკრაინაში მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით ზალკალიანმა ისაუბრა ყველა ნაბიჯზე, რომელიც გადაიდგა ამ დღეების განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორებთან. მას ასევე აღნიშნა, რომ მაქს ყოველდღე აქვს კომუნიკაცია მის კოლეგასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
„საქართველო არის თანმიმდევრული თავის საგარეო პოლიტიკაში. ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ერთგულნი ვართ. ჩვენ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი ძმების და დების გვერდით ამ მეტად კრიზისულ და კრიტიკულ სიტუაციაში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის თავისუფლების ფასი, გვესმის, რას ნიშნავს აგრესია. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც საკუთარ თავზე გამოვცადეთ ეს და რა თქმა უნდა ჩვენი მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ არის ის, რომ ერთიანობით დავადასტუროთ ის, რომ 21-ე საუკუნეში მიუღებელია საუბარი იყოს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე. ეს არის საქართველოს მთავრობის პოზიცია - პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმოქმედებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ყველა ჩვენი პოზიცია გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.