ჩემი პატივისცემა უკრაინელ ხალხს და მის ხელისუფლებას, ამ მძიმე წუთებში ჩვენ სოლიდარულები ვართ, გვერდით ვუდგავართ და ძალიან კარგად მესმის ზელენსკისაც, რომელიც ამ მძიმე წუთებში გარკვეულ განცხადებებს აკეთებს არა მხოლოდ საქართველოს მისამართით. ჩვენ მოვისმინეთ მისი არაერთი განცხადება, როდესაც ის ღიად საყვედურობდა იტალიის პრეზიდენტს, ასევე როდესაც დასავლელ ლიდერებს საყვედურობდა იმისთვის, რომ მათ უკრაინა მარტო დატოვეს, თუმცა მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ არნახულ სოლიდარობას და თანადგომას უკრაინისადმი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ გვერდში დაუდგეს უკრაინას.
„რაც შეეხება სანქციებს, მკაფიოდ ვიტყვი, რომ ჯერ ერთი, საქართველო შეერთებულია იმ სანქციებს, რომლებიც უკვე არსებობს ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით. მეორე - ის სანქციები, რომლებზეც მიდიან დასავლეთის ქვეყნები, ძალიან ბევრ რამეს ვერ გამოვაცხადებთ, რადგან, მაგალითად, ჩვენ ვერ ავკრძალავთ ფრენებს რუსეთთან, რადგან ეს უკვე ისედაც დიდი ხანია აკრძალულია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.