„ევროპასთან შედარებით რუსეთს ხილის უვნებლობასთან მიმართებით ბევრად ნაკლები მოთხოვნები აქვს. რუსეთი არ ითხოვს პესტიციდებისა და სასუქების ნარჩენებზე პროდუქციის შემოწმებას. ამის გამო ექსპორტიორებს ხილის რუსეთში გატანა ურჩევნიათ. რა მოხდება და რა ზიანი მიადგება ექსპორტიორებს თუ რუსეთის ბაზარი ჩაიკეტება?“ ,- ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ხილის“ წარმომადგენელი გია მოგელაშვილი საუბრობს.
მოგელაშვილი რუსეთის ბაზრის დაკეტვას დიდ პრობლემად მიიჩნევს და ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი ფერმერებს საქმიანობას გაურთულებს.
მისი თქმით, ალტერნატიული ბაზრის მოძიება რთულია და სხვადასხვა ქვეყანაში პროდუქტზე სერტიფიკატს ითხოვენ.
„რუსეთის ბაზრის დაკეტვა მთლიანად ყველას პრობლემა იქნება. ვაშლის მოსავლის თითქმის 50% საქართველოდან ექსპორტზე გადის რუსეთში. ჩვენი ქვეყნიდან, დაახლოებით, 100 ტონა ვაშლი და 50 ტონამდე ქლიავი გავიტანეთ რუსეთში. მთლიანობაში ხალხი რუსეთის ბაზარზე ძალიან არის დამოკიდებული. ალტერნატიული ბაზრების მოძიება ძალიან რთულია. ევროპაში პროდუქციის გატანას სერტიფიკატი სჭირდება. საქართველოში ეს ტენდენცია კი ჯერჯერობით არ არის დამკვიდრებული. ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში პროდუქციის გატანა ფერმერებისთვის ძალიან გართულდება. რუსეთის ბაზრის დაკეტვა პრობლემა იქნება მთლიანად ხალხისთვის. მათ მოსავალი ჯერ კიდევ გასაყიდი აქვთ. ვაშლი საქართველოში იყიდება, თუმცა, მხოლოდ საქართველოს ბაზარი ამ ყველაფერს ვერ აუდის“, - აცხადებს გია მოგელაშვილი.