„ბელარუსის ოპოზიციურმა ჟურნალისტებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ლუკაშენკომაც გადაწყვიტა ამ ომში ჩაბმა. ეს იქნება ჰიტლერისთვის მუსოლინის დახმარება, რასაც ლუკაშენკო პუტინს გაუწევს. ლუკაშენკოს დაავადებულ გონებაშიც შეიძლება იყოს სლავი ხალხის გაერთიანების, ალიანსის რაღაც ავადმყოფური იდეა, რომელიც მისთვის დამღუპველი იქნება ასევე“, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა და 2014-2019 წლებში უკრაინის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, არჩილ ცინცაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„სამხედრო თვალსაზრისით გეტყვით იმას, რომ ბლიცი, რაც იყო ჩაფიქრებული, არ გამოვიდა. ალბათ, წარმატებული იყო ის სპეცოპერაცია, დივერსიული ჯგუფების შემოგზავნა, რომელიც მე მიმაჩნია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სუსტი მუშაობის შედეგი იყო ამ წლების განმავლობაში. ბევრი მიძინებული აგენტი ჰყავდათ, რომლებიც გამოიყენეს, თუმცა, მათი გაუვნებლება ხდება. მოსახლეობაც პირადადაა ჩართული. გუშინ ღამე დარტყმები მიაყენეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. მე ვერ ვხვდები უბრალოდ, რა სტრატეგიული მიზნებს ემსახურება ასეთი დაბომბვები“, - განაცხადა ცინცაძემ.