logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: პუტინის განცხადება შეკავების ძალების შესახებ სახიფათო რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქციელია
- +

27 თებერვალი. 2022. 20:21

 

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, ვლადიმერ პუტინის განცხადება შეკავების ძალების მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის შესახებ უპასუხისმგებლო საქციელია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა CNN-ს განუცხადა.

 

„ეს სახიფათო რიტორიკაა. ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი და რა თქმა უნდა, როდესაც ამ რიტორიკას გააერთიანებ იმასთან, რასაც ისინი უკრაინაში აკეთებენ - აწარმოებენ ომს დამოუკიდებელი, სუვერენული ერის წინააღმდეგ, ახორციელებენ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, ეს ვითარებას უფრო სერიოზულს ხდის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეკავების ძალების მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, შეკავების სტრატეგიული ძალები განკუთვნილია რუსეთისა და მისი მოკავშირეების მიმართ აგრესიის შესაკავებლად და აგრესორის განადგურებისთვის, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით.

 

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ძალებმა უკრაინული ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა 24 თებერვალს, დილის 05:00 საათზე დაიწყეს.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner