„ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს – ვლოცულობთ მათთვის და მშვიდობისთვის“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
მისი თქმით, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, უკრაინის მშვიდობისთვის დღეს ტაძრებში სამშვიდობო პარაკლისი ჩატარდება.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღევანდელ კვირას ეწოდება საშინელი სამსჯავროს კვირიაკე, იმიტომ რომ ეკლესიებში იკითხება იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი საშინელი სამსჯავროს შესახებ. ხვალიდან იწყება ყველიერის კვირა, როდესაც უკვე აღარ ვიღებთ ხორცის პროდუქტებს, შესაბამისად, მარხვის პირველი ნაბიჯი, პირველი მოსამზადებელი პერიოდი იწყება.
ამ იგავში უფალი მოგვითხრობს, რომ დადგება ჟამი, როდესაც მოვა უფალი დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად და მოხდება მთელი კაცობრიობის სამსჯავრო. უფალი გამოარჩევს ყველა ადამიანს, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისგან. ამას ბრძანებს იგავი. შემდეგ იგი ჯერ ამ ცხვრებს დააყენებს მარჯვენით მისა და ეტყვის: „მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისა, და დაიმკვიდრეთ ქვეყნის დასაბამითგან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი“. აი, ასეთ სიტყვებს ეტყვის მათ.
როგორც იცით, როგორც მოგახსენეთ, ეს არის იგავი, რაც იმას ნიშნავს იმას, არ არის აუცილებელი, ზუსტად, პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ ის. აქ გადატანითი მნიშვნელობით არის ნახსენები სამსჯავრო. უფრო სწორად, როგორი იქნება ზუსტად ეს სამსჯავრო, ჩვენ არ ვიცით და დაემსგავსება თუ არა ეს იმ სასამართლოს, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია, იმიტომ რომ იქ აღარ იქნება ამის საჭიროება. აი, არიან წმინდა მამები, რომლებიც წერენ, რომ ადამიანს არ ექნება სიტყვის მიგების უფლება და საშუალება საშინელ სამსჯავროზე, არამედ თვითონ მისი საქმეები გამოჩნდება, როგორც შესამოსელი, ადამიანი შეიმოსება ან კეთილი, ან ბოროტი საქმეებით, რომლებიც მან აკეთა ამ მიწიერ ცხოვრებაში და ეს შესამოსელი იმეტყველებს იმის შესახებ, თუ საით უნდა წავიდეს ადამიანი – სასუფეველში თუ ჯოჯოხეთში. თვითონ ირჩევს ადამიანი, ირჩევს ბავშვობიდანვე, თვითონ გამოარჩევს თავის თავს, გამოარჩევს ან ქრისტესა და მისი ანგელოზებისგან, ან ეშმაკისა და ეშმაკის ანგელოზებისგან, როგორც ამბობს პეტრე მოციქული, – ვინც რით იძლევა, იმისივე მონაა.
აი, უფალი ამბობს ასეთ საოცარ სიტყვებს: „მოდით ჩემთან, მამაჩემის კურთხეულნო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი ქვეყნის დასაბამიდანვე თქვენთვის გამზადებული“. ჩვენთვის არის გამზადებული ეს სასუფეველი, მარჯვენით ღვთის ყოფნაა ჩვენთვის გამზადებული. აი, ასეთი დიდი სიყვარული აქვს ღმერთს ჩვენი, რომ, წარმოიდგინეთ, სოფლის დასაბამიდანვე, სანამ გაჩნდებოდა ეს ხილული სამყარო, უკვე გამზადებული იყო ჩვენთვის ეს სასუფეველი ღვთისა. რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა გაიაზროს, ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ მოვემზადოთ ამისთვის, გავიგოთ, რა არის ეს, რას გვეუბნება უფალი, რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ სასუფეველი დავიმკვიდროთ და აი, აქ უფალი ამაზეც მეტყველებს: „რამეთუ მშიოდა და დამაპურეთ, მწყუროდა და მასვით, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომაკითხეთ, საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ, უცხოობაში ვიყავით, შემიკედლეთ და მიმიღეთ“ და ა.შ. შეიძლება ჩვენც გავაგრძელოთ ეს ჩამონათვალი, ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე.
ისინი ეტყვიან: „როდის იყო, უფალო, ეს? როდის იყავი მშიერი და დაგაპურეთ? როდის იყავი მწყურვალი და გასვით? როდის იყავი შიშველი და შეგმოსეთ? და უფალი უპასუხებს მათ: „რამდენიც გაუკეთეთ ერთსა ამას მცირეთაგანს ძმათა ჩემგანს, ეს ყველაფერი მე გამიკეთეთ“. აქედან ჩანს, რომ ყველა გაჭირვებაში მყოფ ადამიანზე უფალი ამბობს, რომ ის ჩემი ძმაა, „ერთ მცირე ძმათა ჩემგანს“, – ამბობს იგი. ძმა არის იმიტომ, რომ უფალი იესო ქრისტე თვითონ იყო ნატანჯი მთელი კაცობრიობისთვის, იგი ყოვლად უდანაშაულოდ იტანჯა, ერთი მისხალი ცოდვისაც არ ჰქონია მას. ამიტომ ყოველი გაჭირვებული მისთვის ძმაა.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი სნეულის ლოგინთან დგას, იმყოფება თავად უფალი იესო ქრისტეს, უბრალოდ ჩვენ მას ვერ ვხედავთ, მაგრამ ვგრძნობთ. ალბათ განგიცდიათ ეს საოცარი გრძნობა, როდესაც ინახულებთ პატიმარს ან სნეულს, როგორი სიხარულთ ბრუნდებით შემდეგ იქიდან, ხომ ყოფილა ასეთი რამ?! მადლი შემოდის და განიწმინდება ადამიანი აი, ამ საქციელის შემდგომ.
შემდეგ უფალი მარცხენით მდგომთაც ეტყვის, რომ „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის“. რატომ? იმიტომ, რომ ისევ იმავეს ჩამოთვლის: „მშიერი ვიყავი და არ დამაპურეთ, მწყურვალი ვიყავი და არ მასვით, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ“ და ა.შ. ისინი ჰკითხავენ: „კი, მაგრამ, როდის, უფალო, როდის არ გავაკეთეთ ეს ყველაფერი?!“ უფალი მიუგებს: „რაოდენიც არ გაუკეთეთ არცერთ აი, ამ მცირეთაგანს, ის მე არ გამიკეთეთ“. აქაც შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ სიტყვაზე – „ერთს არ გაუკეთეთ“. რატომ ამბობს ამას? იმიტომ, რომ უფალი არ გვთხოვს ჩვენ იმას, რომ ყველა დავაპუროთ, ყველას ვასვათ და ა.შ. არამედ აქ „ერთი“ ნიშნავს იმას, რომ აი, ამ მომენტში, ამ დღეს, ამ წუთას შენ წინაშე ვინც დგას, ვისთვისაც შეიძლება იყო მოყვასი, ვისაც შენ სჭირდები, ის დააპურო, ის დაარწყულო, ის მოინახულო და იმას დაეხმარო. რა თქმა უნდა, თქვენ გესმით, რომ ეს მოწყალების საქმეები არ არის მხოლოდ მატერიალური, არამედ ის სულიერიც არის, ვინაიდან არიან და, პირველ რიგში, ჩვენ ვართ სულიერად მშიერნი და გლახაკნი, შიშველნი და სნეულნი და ეს სულიერი დახმარება ბევრად მეტია ხორციელზე, რამდენადაც სული მეტია ხორცზე. ასე რომ, ამ იგავში ეს ყველაფერი იგულისხმება.
დაბოლოს, უფალი ამბობს: „და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში“. „ესენი“, ანუ მარცხენით მდგომნი წავლენ საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო ცხოვრებაში, ანუ სასუფეველში.
აი, ეს სიტყვა, ძვირფასო ძმებო და დებო, არის დღევანდელი სახარების მთავარი სწავლება, მთავარი სიტყვა, მთავარი სწავლება გადმოიცემა ამ სიტყვებით. „ესენი წავლენ“, – ამბობს უფალი, კი არ წაიყვანენ მათ, კი არ ჩააგდებენ სადმე, კი არ მოკიდებენ ხელს და განაჩენს კი არ გამოუტანენ, არამედ „წავლენ“. ეს ნიშნავს, რომ თვითონ წავა ადამიანი. ღმერთი კი არ სჯის, არამედ თვითონ ისჯება ადამიანი, თვითონ ირჩევს, სად უნდა იყოს. და ირჩევს ამას მიწიერი ცხოვრებიდან დაწყებული. რას ირჩევს? ირჩევს იმას, რომ უფრო მეტად უყვარს საკუთარი თავი, ვიდრე ღვთის მცნება და ღვთის სიმართლე.
ასე რომ, ეს არის სამსჯავრო. „მრწამსშიც“ ვამბობთ უფალზე: „კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა“. რა თქმა უნდა, ეს განსჯა იქება, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ იქნებიან მოსამართლეები, ადვოკატები, დაიწყება გამოძიება, გამოკვლევა ამ საქმეებისა, არამედ ეს ყველაფერი ისედაც ცხადი იქნება. ადამიანი თვითონ ირჩევს ამ ყველაფერს, რომელი გზით იაროს, უბრალოდ ღმერთი, როგორც მოსიყვარულე მამა, გვთავაზობს იმას, თუ რა არის სიკეთე.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ამაზეა დღევანდელი დღე. ამ იგავით წმინდა ეკლესია მარხვისთვის გვამზადებს და დავფიქრდეთ, დავფიქრდეთ, რომ უფალი გვაძლევს სინანულს, სინანულის საშუალებას; სინანული არის შემობრუნება გონებისა, გრძნობებისა, საუბრისა, საქმეებისა ღვთისკენ, დედამიწიდან – ზეცისკენ, იმიტომ რომ ის, რასაც გვთავაზობს ეს მიწიერი ცხოვრება, ე.წ. სიამეებს, ნაკლებად საინტერესო და საკმაოდ მდარე ხარისხისაა იმასთან შედარებით, რასაც გვთავაზობს უფალი იესო ქრისტე, რაც არის მარადიული და რაც არის ნეტარება. ამიტომ დავფიქრდეთ.
ეს რომ მივიღოთ, ამისთვის საჭიროა დიდი სურვილი, ნებისყოფა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ გვაქვს თუ არა დღეს ეს, რამდენად გვაქვს ეს სურვილი. როგორც ამბობს იერემია წინასწარმეტყველი თავისი ცნობილი სიტყვებით: „ესე ამბობს უფალი, რომ არის გზა სიცოცხლისა და არის გზა სიკვდილისა“. იმიტომ, რომ ის საკითხები, რაზეც იგავი გვესაუბრება, სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხებია. ე.ი. არის ეს ორი გზა, უფალი გვაჩვენებს ამ ორ გზას და ინებოს ღმერთმა, რომ ჩვენ, ჩვენმა ერმა და ყოველმა ჩვენგანმა ავირჩიოთ გზა სიცოცხლისა, რომელიც დაგვაყენებს ჩვენ მარჯვენით ღმრთისა და შეგვიყვანს სასუფეველში, რომელიც გამზადებულია ჩვენთვის დასაბამითგან ქვეყნისა, სასუფეველში მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!
დღეს, მოგეხსენებათ, რა ტრაგიკული მოვლენები ვითარდება უკრაინაში, ჩვენ უდიდესი გულისტკივილით ვადევნებთ თვალ-ყურს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ჩვენს ძმებსა და დებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს, ვლოცულობთ მათთვის და ვლოცულობთ მშვიდობისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს.
თქვენ იცით, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება ჩვენს სამღვდელოებასა და მრევლში; არის ინიციატივა, რომ დავეხმაროთ იმ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ საქართველოში და ჯერჯერობით ვერ ბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში. იმედია, ღვთის წყალობით, ეს განხორციელდება.
მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით, დღეს ტაძრებში სრულდება სამშვიდობო პარაკლისი იმისთვის, რომ დამშვიდდეს უკრაინა, მშვიდობა იყოს და დღეს ჩვენც შევასრულებთ სამშვიდობო პარაკლისს.
დღეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, დეკანოზ კახაბერ გოგოლაძეს ვაჯილდოებთ მეორე ჯვრის ტარების უფლებით, მამა კახაბერი მოღვაწეობს კიევში, კიევ-პეჩერის ლავრაში და იქ სულიერად მოძღვრავს ჩვენს ქართველ მრევლს, რომელიც ასეთ მძიმე განსაცდელში იმყოფება. ღმერთმა გაგაძლიეროთ, ძვირფასო მამაო. აქსიოს!
დღეს ასევე ვლოცავთ ჯიქიძეების გვარს; ვლოცავთ ასევე რაგბის გუნდ „რაშებს“ და მის ხელმძღვანელ ერეკლე კამლაძეს; ვლოცავთ საქველმოქმედო გაერთიანებას „ჯვაროსნული მოძრაობა“, - განაცხადა შიომ.