„ძალიან მეეჭვება, რომ რუსეთმა გლობალური სამხედრო მოქმედებებით რაიმეს მიაღწიოს“, - ამის შესახებ კიევიდან „იმედის კვირაში“ ჩართვისას პოლკოვნიკმა, სამხედრო დიპლომატმა, 2014-19 წლებში უკრაინის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, არჩილ ცინცაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის შემართება და პატრიოტიზმი, რაც უკრაინელებმა ბოლო დღეებში ბრძოლაში გამოიჩინეს, ბევრს გააკვირვებდა.
„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ რუსეთმა გლობალური სამხედრო მოქმედებებით რაიმეს მიაღწიოს. რეფორმის პროცესში ძალიან ჩართული ვიყავი და სულ განვიცდიდი, რომ მობილური ძალები, თანამედროვე შეიარაღება აკლიათ, მაგრამ გეტყვით, რომ 8 წლის გამოცდილებამ ტყუილად არ ჩაიარა. ის შემართება და პატრიოტიზმი, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს, ბევრს გააკვირვებდა. სიტუაცია რთულია. ძნელია ემოციური თვალსაზრისით, რასაც მე ვუყურებ. ფიზიკურად ვერავინ ეხმარებათ. ერთად-ერთი დახმარება, ჰაერსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და ტყვია-წამალი საკმარისად უნდა ჰქონდეთ, რათა რუსთის შემოტევას გაუძლონ“, - განაცხადა ცინცაძემ.