სოციალური ქსელის მომხმარებელი მიხეილ ჩაპურიშვილი პოსტს აქვეყნებს:
„გუშინ ღამე ვნახე განცხადება, კახელები ჩურჩხელებს აგროვებენ უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე მყოფი უკრაინელი ოჯახებისთვისა და ჯარისკაცებისთვისო. ბაბოს გავლებულები აღარ გვაქვს სახლში, თორემ ჩემს ბავშვებს რომ ეჭვის თვალით ვუყურებ ხოლმე, პირიდან რომ მტაცებენ, იმასაც გავაქრობდი სახლიდან.
ჩატში დავწერე, ესეთი ამბავია და ვაპირებ ხვალ მეც ვიშოვო-მეთქი. მეგობრებმა ჩვენც გვინდაო და ესე მოგროვდა 1 საათში 250 ჩურჩხელის ფული. კვირა დღეს ახმეტაში დიდი ბაზარია, გლეხები დგანან უმეტესობა, საკუთარი პროდუქცია რომ აქვთ გამოტანილი, გადამყიდველი ნაკლებად არის, ამიტომ კარგი ვარიანტი იყო. არჩევასაც ისე მოვეკიდე, როგორც სახლისთვის ვიზამდი - კარგი, კარგად გამშრალი, რომ გზაში არ გაფუჭდეს. ვიკითხე, გავსინჯე და მოვაგროვე 5-6 ადამიანთან.
მეკითხებოდენ, გასაგზავნად გასაგებია, მაგრამ რამდენი ხანი უნდა იმგზავროსო? ვუთხარი მერე, რომ არ დაგიმალავთ ,უკრაინაში მიდის და არ ვიცი, როდის ჩავა-მეთქი. ეს რომ გაიგეს, ფასს ხომ მიკლებდნენ, რაც დატეხილი ან ჩიტისგან იყო ნაკენკი, ისე მჩუქნიდნენ და ერთმა -შვილო, როგორ არ მინდა ფული გამოგართვა, ჩემი შვილიც ჯარისკაციაო. ჩააღწევს, იმედია, იქამდე, თუ არ ჩააღწევს და ვინც შეჭამს, იმას შეერგოს (რუსების გარდა).
ტყუილია თუ მართალია, ხომ ესე ვიცით ჩვენც, ქართველ მეომრებს ჩურჩხელები მიჰქონდათ ომში, არ ფუჭდება და კალორიულიაო. ჰოდა, იმედია, ჩვენი გაგზავნილი ჩურჩხელებიც მეტ ენერგიას მისცემს უკრაინელ ჯარისკაცებს საკუთარი და ჩვენი ქვეყნის მტრის გასანადგურებლად“, - წერს მიხეილ ჩაპურიშვილი.