logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: გადადგეს კი არა, ნეტავ სამი-ოთხი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ გვყავდეს, ოღრაშებო
- +

28 თებერვალი. 2022. 19:51

 

 

„ამ ქვეყანას ძლივს ეღირსა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყოველთვის გამოდის სახელმწიფოს ინტერესებიდან და არ ბუქნაობს სხვების დაკრულზე“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„გადადგეს კი არა, ნეტავ სამი-ოთხი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ გვყავდეს, ოღრაშებო!

ირაკლი ღარიბაშვილი გვარცხვენსო! - იძახიან ისინი, 2008-ში მიწაზე მხოხავ მთავარსარდალს ტაში რომ დაუკრეს! ბელადმა დაცვას გაასწრო, იქვე მდგარი გორელი ბალღები დაიბნენ, ნეტა ამ ორმეტრიან ოქლაქს რა დეემართა, მოტოციკლეტის ხმაზე ეგრე რატომ ავლებდა ცხვირით ხნულებსაო? მოგვიანებით ბალღებს აუხსნეს, რომ ის ოქლაქი ამ ქვეყნის ,,უმფროსი'' იყო და იმ ხმას მოტოციკლეტი კი არა, რუსული ბომბდამშენი გამოსცემდა. ხნულებს კიდე იმიტომ ავლებდა ცხვირით, რომე სოფლის მეურნეობის განვითარებასა ცდილობდაო. ბალღებმა არ დაიჯერეს.

 

თურმე ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ქვეყანას, რუსეთს სანქციები რატომ არ დაუწესეო?! მიწაზე რომ დახოხავდა, იმან არ შეარცხვინა, იმან დაუწესა, 78 სტრატეგიული ობიექტი რუსებს გადასცა! თურმე ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ქვეყანას, მუსკულებს რატომ არ ათამაშებ, პუტინს ,,ლილიპუტინს'' რატომ არ ეძახიო?! 2008-ში კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი რომ უწოდა და აგვისტოში თოფის გასროლის გარეშე რუსებს ჩააბარა, იმან არ შეარცხვინა ქვეყანა, ის გმირია! თურმე ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ქვეყანას, რატომ სისხლს არ ღვრი, მომენტს რად არ იყენებ, წვევამდელთა გვამებს ცხინვალის ქუჩებში რატომ არ ყრიო?! იმან არ შეარცხვინა, ცხინვალის ქუჩებში უწვერულვაშო ბიჭები ჩაახოცინა, თვითონ იქიდან მოცოცხა, მოკლეზე ჩამოირბინა. საღამოს ღნაოდა, ,,მოლოტოვის კოქტეილებით'' და ჩანგლებით გამოდითო, კონსერვის სახსნელებიც გამოდგება, ყურების საფხეკი დანებიცო. ასეთი დავალება დაგვიტოვეს და გაიქცნენ წითელი ხიდის მიმართულებით!

 

მაყვალა გონაშვილს ჰკითხეთ, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, მას აქვს ჩემთან ნათქვამი, იმ დღეებში ძალიან ბევრი მირეკავდა, აზერბაიჯანში მეგობარი მწერლები რომ გყავს, გვიშუამდგომლე, დაგვაბინაონო. სხვებსაც ურეკავდნენ, ვისაც კი გავლენა და სანაცნობო წრე ჰყავდა სომხეთსა თუ აზერბაიჯანში, ყველას აწუხებდნენ. ამათ არ შეურცხვენიათ ქვეყანა, უბრალოდ გმირები არიან, მორჩა და გათავდა, ინგა გრიგოლიამ თქვა ასე და შავნოდარამ კიდე ბეჭედი დაარტყა. შაბათს ვიცინე მაგრად, ინგა და ნოდარა იდგნენ რუსეთ-უკრაინის რუკასთან და არჩევდნენ, რომელი უფრო დიდი სახელმწიფოა და სად უფრო მეტი ჟუნჟრუკო მოდის.

 

თურმე ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ქვეყანას და იცით, რატომ? ამოუჩემებია, გარეჯი საქართველოაო! გრიგოლია ამაყობს იმ კაცით, ივერი მელაშვილით, სტუდიაში მიიყვანა, კისერზე ჩამოეკონწიალა, გმირად შერაცხა და ალაპარაკა, რაც შენია, შენი არ არიო. დასცხეს ტაში რუსეთის აგენტებმა (ჩვენ რომ გვეძახიან პუტინის მონებს), დიახაც, ძალზედ სწორი, ნათელი და სამართლიანი განმარტებაა, ეგრე გასაგებ ენაზე ამ სტუდიაში არავის ულაპარაკიაო. მაგაში დავეთანხმე, ,,ჭუტლექსვიზიონის'' სტუდიაში ასე გასაგებად არავის უთქვამს, რაც შენია, შენი არ არისო. გარეჯი რომ საქართველო არ არის, ეს საამაყოა, რა სირცხვილი, რომელი ლულა ქაბაბი? პირიქით, ირაკლი უნდა იწვოდეს სირცხვილით, ჩვენ უნდა ვიმალებოდეთ, გარეთ ცხვირებს ვერ უნდა ვყოფდეთ!

 

ეჰ, რომელი ერთი ჩამოვთვალო? ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ჩვენს სახელმწიფოს შეუძლია. ზოგიერთს ენა გადმოუგდია და საზოგადოებას ეკითხება (გამოკვლევებულობას ატარებს), უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილიო?

 

ბებიათქვენისამ! ამ ქვეყანას ძლივს ეღირსა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყოველთვის გამოდის სახელმწიფოს ინტერესებიდან და არ ბუქნაობს სხვების დაკრულზე. მეგობრობაც კარგია, ძმობაც, ერთობაც, სოლიდარობაც, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ზომიერი! გადადგეს კი არა, ნეტავ სამი-ოთხი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ გვყავდეს, მტრებო, თქვე ოღრაშებო!

 

წარმატებები, პრემიერო!“, - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner