პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებათა პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კანონში ცვლილებები ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის ვადების შემცირებას ითვალისწინებს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო აღნიშნულ კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც გახანგრძლივდა ბაზარზე დაშვების ვადები ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციისას 15 სამუშაო დღემდე, ასევე, განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით საქართველოს ბაზარზე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის პირველად შემოტანისას - 10 სამუშაო დღემდე.
მისივე თქმით, დღევანდელ სიტუაციაში უკვე მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ კვლავ გამარტივდეს აღიარებითი რეჟიმით და განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით შემოტანისას, ბაზარზე დაშვების პროცედურა, რაც გულისხმობს რეგისტრაციის ვადის შემცირებას.
ამგვარად, ცვლილება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში გულისხმობს ბაზარზე დაშვების ვადის შემცირებას: აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისას 15 დღიდან 7 დღემდე, ხოლო განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანისას, 10 დღიდან 5 დღემდე.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის, ნატო ჩხეიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელსაც დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის განცხადებით, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში და ამიტომ, 9 აპრილი უნდა განისაზღვრებოდეს როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მისივე თქმით, დამოუკიდებელ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმჯობესია 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ნაცვლად აღინიშნებოდეს საქართველოს პრეზიდენტის დღე.
კომიტეტმა ასევე განიხილა საქართველოს მოქალაქე ია სირანაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან საქართველოს გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელსაც დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.