რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ უკრაინაში ვითარების სწრაფი დარეგულირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწრაფი დარეგულირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უსაფრთხოების სფეროში რუსეთის კანონიერი ინტერესები უპირობოდ იქნება გათვალისწინებული, რაც ასევე უნდა მოიცავდეს ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას, უკრაინის სახელმწიფოს დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის საკითხის გადაწყვეტას და მისი ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე ღიაა უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
საფრანგთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტა სთხოვა.
ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი 1.5 საათი გაგრძელდა. ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტა და უკრაინის ძირითადი გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სთხოვა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა თავისი მზაობა დაიცვას სამოქალაქო მოსახლეობა.