„ეკონომიკური სანქციები ვერ იქნება ჩვენს მიერ გაზიარებული, რადგან ამან შეიძლება ჩვენი თუნდაც ერთი მოქალაქე და ეროვნული ინტერესი დააზიანოს. ამასთან დაკავშირებით არავითარი კომპლექსი არ გვაწუხებს და ვისაც აწუხებს, სჯობს ეს გადალახოს“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც ქვეყნის შესაძლებლობებშია.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ეკონომიკურ სანქციებს არ ვუერთდებით ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ პირველ რიგში ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის არის საზიანო. ძალიან მარტივი ლოგიკაა, აქ არანაირი გეოპოლიტიკური პარადიგმების ანალიზი არ არის საჭირო ან რაიმე ტიპის განათლება საერთაშორისო ურთიერთობებსა ან პოლიტოლოგიაში. მარტივ და რეალურ მიზეზს ვამბობთ, რომ ვერცერთი ეკონომიკური სანქცია, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერ იქნება ჩვენს მიერ გაზიარებული იქიდან გამომდინარე, რომ ამან შეიძლება ჩვენი თუნდაც ერთი მოქალაქე და ეროვნული ინტერესი დააზიანოს. შესაბამისად, ეკონომიკურ ნაწილში ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით და არავითარი კომპლექსი არ გვაწუხებს არავის. ვისაც აწუხებს, სჯობს, რომ გადალახოს ეს. ეკონომიკური სანქციები, რა თქმა უნდა, მტკივნეულია რუსეთისთვის, მაგრამ ეს არ არის ის სანქციები, რომელმაც შეაჩერა სისხლისღვრა. რა მომენტშიც ჩვენ ვსაუბრობთ, სისხლისღვრა ისევ გრძელდება. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც არის ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რა წითელ ხაზებს გვიდგენს ჩვენ ჩვენივე ქვეყნის ინტერესები, პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც გაკეთებულია გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს და სხვა ფორმატებში.
რაც შეეხება განცხადებებს, როდესაც მხარდამჭერ განცხადებას ვაკეთებთ მე, ჩემი ხელმძღვანელი, მთავრობის მეთაური ან ჩემი ნებისმიერი კოლეგა, დეპუტატი იქნება ის თუ მინისტრი, ხელისუფლების წარმომადგენლები, არაფერში ითვლება, ცარიელ სიტყვებად აღიქმება თქვენს მეზობელ მედიებში, მაგრამ თუ რაიმე ტიპის ცარიელ სიტყვებს გამოთქვამს ან განცხადებას გააკეთებს რომელიმე ოპოზიციონერი, ამას აქვს ყველაზე დიდი წონა. რა თქმა უნდა, ამ შიდა უაზრო დებატში შესვლა ისევ ჩვენი ერთიანობისთვისაა საზიანო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ის ოპოზიცია გვყავს, რომელიც გვყავს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.