სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა სამხედრო ნაწილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 70-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ „უნიანი“ სუმის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეზე, დმიტრი ჟივიცკიზე დაყრდნობით წერს.
„გუშინ მტრის არტილერიამ დაარტყა სამხედრო ნაწილს. ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანა გრძელდება. მუშაობს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და მოხალისეები. დაღუპული ბევრია. ახლა ამზადებენ საფლავებს. 70-მდე გარდაცვლილი უკრაინელი მებრძოლია“, – ნათქვამია საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაში.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.